წულუკიანი: სააკაშვილი რთული ქცევის მქონე პატიმარია

  - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2023
გამოწერა
პენიტენციური სამსახურის მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ არანაირი დარღვევა არ ვლინდება, განაცხადა კულტურის მინისტრმა.
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რთული ქცევის მქონე პატიმარია, რომელიც ვერ ეგუება კანონიერ განაჩენს, განაცხადა კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა.
მანამდე სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედიდან“ წერილი მისწერა Heritage Foundation-ის აღმასრულებელ დირექტორს, ცნობილ საერთაშორისო ფინანსისტსა და ინვესტორს უილიამ ბრაუდერს და სთხოვა, არ დაელოდონ მის სიკვდილს და „დაეხმარონ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში“. საპასუხოდ ბრაუდერმა მოითხოვა დოკუმენტების ჩამონათვალი იმ პირთა სიით, ვინც უარს ეუბნება მკურნალობაზე, ასევე პასუხისმგებელია მის მოწამვლასა და წამებაზე. ბრაუდერმა აღუთქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა „მაგნიტსკის სანქციებს“ ყურადღება მიაქციონ.
წულუკიანის თქმით, პენიტენციური სამსახურის მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ არანაირი დარღვევა არ ვლინდება.

„ჩვენ საქმე გვაქვს რთული ქცევის მქონე პატიმართან, რომელიც ვერ ეგუება კანონიერ სასჯელს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი. მას კვლავ აქვს ილუზია, რომ ის არა კრიმინალი, არამედ აღმაშენებელია“, – განაცხადა წულუკიანმა.

დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები

სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0