„იქნებ რამე გემრიელი მოიტანონ“ - „ვივამედის“ დირექტორი სააკაშვილის ნათესავებზე

© courtesy of Nino Nadiradzeნინო ნადირაძე
ნინო ნადირაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2023
გამოწერა
პენიტენციური სისტემის პაციენტებისთვის, რომლებიც კერძო კლინიკაში მკურნალობენ, საავადმყოფოს კვება განკუთვნილი არ არის.
თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. ერთადერთი, რაც საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში საყურადღებოა, ეს წონაა, თუმცა მის ნათესავებს არ მოაქვთ აუცილებელი კალორიულობის მქონე პროდუქტები, განაცხადა კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ.
სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნის მიხედვით, მან დაიკლო 42 კგ. 2021 წლის ოქტომბერში ექს-პრეზიდენტი 115 კილოგრამს იწონიდა.

„კატასტროფული ნიშნავს, როდესაც პაციენტს აქვს კრიტიკული მონაცემები – ლაბორატორიული, ინსტრუმენტული და ა.შ. ჩვენ არც კრიტიკული და არც სუბკრიტიკული მდგომარეობა არ გვაქვს. ერთადერთი, რაც ყურადსაღებია, არის წონა“, – განაცხადა ნადირაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

მიუხედავად ოჯახის წევრებისადმი მრავალრიცხოვანი თხოვნისა, მოუტანონ სააკაშვილს პაციენტის ჯანმრთელობისთვის საჭირო კალორიული საკვები, ისინი ამას არ აკეთებენ და მოაქვთ მხოლოდ მაღაზიაში ნაყიდი მწირი საკვები, აცხადებს ნადირაძე.

„როდესაც ადამიანი ასე ცუდად იკვებება, მისთვის საჭიროა რაც შეიძლება მრავალფეროვანი საკვები – კარგი სუნით, კარგი გემოთი. მაღაზიის მზა საკვები არ უნდა მოიტანო ამ დროს. ნამდვილად ვიცი, როცა მასთან გემრიელი საკვები მოუტანიათ, ის მას გემრიელად მიურთმევია“, – აღნიშნა მან.

იმ დროს, როდესაც პაციენტის გამოჯანმრთელება დიდწილად არის დამოკიდებული მის კვებაზე, საჭიროა მოიტანონ ისეთი საკვები, რომელიც სულ ცოტა 1 ათას კალორიას შეიცავს, განაცხადა ნადირაძემ.
„500, 600, 700 კალორიის შესაბამისი საკვებით, რა თქმა უნდა, წონაში კლება იქნება და ამას ვერსად გავექცევით“, – აღნიშნა ნადირაძემ.
კლინიკის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის ორგანიზმი საკვებს ითვისებს. კითხვაზე, „ოჯახის წევრები არ გეხმარებიან“, ნადირაძემ უპასუხა:
„არავის დავადებ ხელს, უბრალოდ ფაქტია, რომ როდესაც ენდოკრინოლოგი ითხოვს, მკურნალი ექიმი ითხოვს, რომ ცოტა მრავალფეროვანი საკვები მოიტანონ, მადისაღმძვრელი სუნებით, ამ დროს მაღაზიის ცივი საკვები მოაქვთ“, – განაცხადა ნადირაძემ.
სააკაშვილის დიაგნოზების სია ფართოვდება - ნობელის ლაურეატმა სასამართლოზე ჩვენება მისცა>>
ნადირაძის თქმით, პენიტენციური სისტემის პაციენტებისთვის საავადმყოფოს საკვები არ არის განკუთვნილი.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“. პირველად სააკაშვილი საავადმყოფოში შიმშილობის დროს მოხვდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. შიმშილობა 50 დღე გაგრძელდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საკითხი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს.
საკუთარი პოზიციის გასამყარებლად სააკაშვილის დაცვის მხარემ საქმეში ამერიკელი ექსპერტები ჩართო, რომელთაგან ხუთი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი, გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი, ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი და ქირურგ-ორთოპედი ჯეიმს კობი სასამართლოში უკვე დაიკითხნენ.
თაღლითობა და სიმულაცია: ვიცე-სპიკერი საქართველოს ექს-პრეზიდენტის მდგომარეობაზე>>
მათი დიაგნოზების თანახმად, სააკაშვილს აქვს დაავადებების გრძელი სია, მათ შორის მძიმე მეტალების ორგანიზმში მოხვედრით გამოწვეული პროგრესირებადი დემენცია. გარდა ამისა, არსებობს კუჭის კიბოს განვითარების რისკი.
ექიმებმა ერთადერთ გამოსავლად სააკაშვილის გათავისუფლება დაასახელეს, რათა მან მკურნალობა საზღვარგარეთ ჩაიტაროს, სადაც არის მაღალი კლასის სადიაგნოსტიკო საშუალებები და ასეთი მძიმე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება.
ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანს აყენებს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს.
ამის დასადასტურებლად პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ გაუმჯობესდეს... პოლიტოლოგის მოსაზრება>>
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0