ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე: ადვოკატები გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

CC BY-SA 2.0 / verkeorg / 484563651მართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2023
გამოწერა
ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები და TBC Bank-ის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 17 მლნ დოლარამდე ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ, განაცხადა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.
26 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, რითაც საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი ძალაში დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის იანვარში ხაზარაძე და ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობაში, ხოლო წერეთელი – თანამონაწილეობაში. სამივეს 7–7 წლით პატიმრობა შეეფარდა. თუმცა ისინი, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდნენ. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს.

„ჩვენ მივიღებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას აუცილებლად გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში. არანაირ დანაშაულს, არანაირ ფულის გათეთრებას, არანაირ თაღლითობას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა კორძაძემ.

მისი თქმით, ადვოკატები დაელოდებიან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, შემდეგ კი, საჭიროების შემთხვევაში, სარჩელით მიმართავენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციონერი ბანკირების საქმეზე განაჩენი ძალაში დატოვა>>>
თავის მხრივ, საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე გაასაჩივრებს თუ არა ბრალდების მხარე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამას მას შემდეგ გადაწყვეტს, როცა სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენს ჩაიბარებს.
„სააპელაციო სასამართლომ, ისევე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. შესაბამისად, დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი. უბრალოდ, სააპელაციო სასამართლოც ბრალდების მხარეს არ დაგვეთანხმა კვალიფიკაციის ნაწილში. ჩვენ მივიღებთ დასაბუთებულ განაჩენს, გავეცნობით და ამის შემდეგ გადავწყვეტთ გასაჩივრების საკითხს”, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.
საქმის დეტალები
ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა. გამოძიების მთელი დროის განმავლობაში (სამი წელი) ბრალდებულები აცხადებდნენ, რომ ფულის გათეთრება არ ყოფილა და მათ პოლიტიკური მოტივებით დევნიან.
საქმის მასალების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში ავთანდილ წერეთლის მიერ დაფუძნებულმა შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან" სესხის სახით მიიღეს 16.664.000 აშშ დოლარი. იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე, მიუხედავად იმისა, რომ სესხი თითქოსდა ბიზნესის ბრუნვისთვის იყო მოთხოვნილი.
ქართველ ბანკირს მხარი დაუჭირა ათობით ბანკირმა მთელი მსოფლიოდან>>>
2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს, სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა" სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე.
მილიონების დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან.
კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს“ კრედიტი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.
ყველა ახალი ამბავი
0