„ქართული ოცნების“ დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას პროგნოზირებს

© photo: Sputnik / Stringerნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2023
გამოწერა
კომპრომატები და კანდიდატების დისკრედიტაცია „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას გამოიწვევს, დარწმუნებულია დავით მათიკაშვილი.
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები მის დაშლას გამოიწვევს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.
„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე პარტია საბოლოოდ გაიყო ორ ბანაკად – რადიკალურად განწყობილი ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი „ძველი გვარდიის“ და პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, უფრო ზომიერი პოლიტიკის მიმდევარი ნიკა მელიას მხარდამჭერებად.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესი საბოლოოდ გამოიწვევს შემდეგს: რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფება, რომლის ადგილი ჯანსაღ პოლიტიკურ სივრცეში არ არის, მარტივ მამრავლებად დაიშლება“, – განუცხადა ჟურნალისტებს მათიკაშვილმა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაწყებული პროცესის მიზანია „ბინძური ფულის“ დაუფლება და ხელისუფლების ხელში ჩაგდება.

„არ ინდობენ ერთმანეთს, კომპრომატებით დარბიან, კანდიდატების დისკრედიტაციას ცდილობენ. ამ ყველაფრიდან კარგად ჩანს, მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და ხელში ძალაუფლება ჰქონდათ, რა დოზით სჩადიოდნენ სიბინძურეს საკუთარი მოსახლეობის მიმართ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისი თქმით, პარტიული არჩევნები საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ „ნაცმოძრაობას“ თავისი ჭეშმარიტი სახე ეჩვენებინა.
ინტრიგები, დაპირისპირებები და არჩევნები: „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება >>
ექსპერტების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ძირითადი ბრძოლა პარტიაში ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილს შორის გაიმართება. ხაბეიშვილის მხარდამჭერებად მოიაზრებიან „ძველი გვარდიის“ წარმომადგენლები - ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი.
გუშინ მელიამ განაცხადა, რომ გაწყვიტა ურთიერთობები კეზერაშვილთან მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ მას პარტიის არაფორმალურად მართვა უნდა.
მელიამ ასევე ღიად დაადანაშაულა მერაბიშვილი მისი საუბრის ფარული ჩანაწერის გავრცელებაში და ამით, ფაქტობრივად, დაადასტურა იმ აუდიოჩანაწერის სინამდვილე, სადაც ის უდიერად მოიხსენებდა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.
გარდა ამისა, მელიამ ის ღიად დაადანაშაულა იმაში, რომ მან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „ჩააფლავა“ მისი წინასაარჩევნო შტაბი. მაშინ მელია გლდანში იყრიდა კენჭს და მეორე ტურში გავიდა.
მანამდე კი ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელმა და ნიკა მელიას მხარდამჭერმა გიორგი რურუამ განაცხადა, რომ არსებობს ეჭვები ვანო მერაბიშვილის კავშირებზე რუსულ სპეცსამსახურებთან.

კონფლიქტი

მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
თავად მელია ექს-პრეზიდენტის სურვილის წინააღმდეგ აირჩიეს, რომელსაც ამ პოსტზე თავისი ძველი თანამებრძოლის ლევან ვარშალომიძის ხილვა სურდა. ვარშალომიძე ამჟამად მხარს ხაბეიშვილს უჭერს. ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ხაბეიშვილი: „საქართველოს რევოლუცია სჭირდება...“ >>
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ორ ბანაკს შორის ბრძოლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და პარტიული სიების შედგენას.
ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.
ყველა ახალი ამბავი
0