ჯანდაცვის რეფორმის გამო ექიმმა თანამდებობა დატოვა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2023
გამოწერა
ლევან ჩიკვატიამ გადაწყვიტა გახდეს პირველი ექიმი, რომელიც უკმაყოფილებას გამოთქვამს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმის მიმართ.
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ქართველმა ექიმმა, ტრავმატოლოგ-ორთოპედმა ლევან ჩიკვატიამ ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეფორმის დაწესების გამო პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
ჯანდაცვის სამინისტრომ 1 ნოემბრიდან კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემა აამოქმედა. ახალი სისტემის მიხედვით, მკურნალობის საბაზისო ტარიფები პაციენტის სტაციონარში მოხვედრიდან მის გაწერამდე დაითვლება. საუბარია ე.წ. DRG–სისტემაზე, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამ გზით ჯანდაცვის სამინისტრომ დამატებითი თანხის საფასურად VIP-მომსახურების პრაქტიკის აღმოფხვრა გადაწყვიტა.

„პირველ რიგში, მომხრე ვარ ყველანაირი ინოვაციის, რაღა თქმა უნდა, ჩემს ქვეყანაში, მაგრამ DRG – ეს ფორმა დამღუპველია კონკრეტულად ტრავმატოლოგია-ორთოპედიისთვის“, – დაწერა ჩიკვატიამ.

ექიმის თქმით, ოპერაციის დროს ქირურგ–ორთოპედებს ხშირად უწევთ ხელოვნური იმპლანტების ჩასმა ძვლებისა და სახსრების სხვადასხვა სეგმენტის გასამაგრებლად. ეს ლითონები საკმაოდ ძვირია და იმპლანტების ხარისხს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების რეესტრები განსაზღვრავს. ასეთი საქართველოში მხოლოდ რამდენიმეა.
კლინიკებისა და სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ახალი მოდელის შემოღებამ უხარისხო იმპლანტების გამოჩენამდე მიგვიყვანა, რომლებიც არ შედის საერთაშორისო რეესტრში, რაც პირდაპირ უკავშირდება ოპერაციის ჩატარების ხარისხსა და შემდგომ შედეგებს, აღნიშნა ჩიკვატიამ.
ექიმის თქმით, მიუხედავად ოთხთვიანი ლოდინის, საუბრებისა და პეტიციებისა, არაფერი შეცვლილა.
ოპერაციის ჩატარებიდან მიღებული ხელფასი 80-დან 120 ლარამდე მერყეობს, დაწერა მან.
აზარაშვილი: კლინიკები ახალ რეალობას უნდა მოერგონ>>
„ვინაიდან მე გახლავართ სახელმწიფო კლინიკის თანამშრომელი, ჩვენთან (გამომდინარე გარემოებებიდან) საერთოდ შეუძლებელია ვარირება იმპლანტებთან მიმართებით. ანუ მე მაქვს უფლება ჩაგიყენოთ „ნაგავი” 80–120 ლარად!" – დაწერა ჩიკვატიამ.
ამასთან დაკავშირებით ექიმმა სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
„შესაბამისად, მე, ლევან ჩიკვატია, იძულებული ვარ შევწყვიტო (იმედია დროებით) ჩემი პრაქტიკული მოღვაწეობა თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში", – განაცხადა ექიმმა.
ამასთან, ჩიკვატია აპირებს, რომ განაგრძოს პედაგოგიური საქმიანობა იმის იმედით, რომ რაღაც შეიცვლება.

„ვიცი, რომ კოლეგები მხარს დამიჭერენ და არა მარტო, ისიც ვიცი, რომ ელოდებიან, ვინ პირველი აყვირდება, დაე ვიყო! ვთვლი, რომ ეს ჩემი ვალია. დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე მინიმუმ", – დაწერა ჩიკვატიამ.

უფრო ადრე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში კლინიკები არსებულ რეალობას და, შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ სტანდარტებს უნდა მოერგონ.
რა არის DRG?
DRG–სისტემა (Diagnostic Related Group) ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც „დიაგნოსტიკურად დაკავშირებული ჯგუფები". DRG–სისტემის დანერგვის შემდეგ სამედიცინო მომსახურების მიღებისას პაციენტს დამატებითი ხარჯების გადახდა აღარ უწევს. პაციენტი მხოლოდ იმ თანხას იხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.
თუ აქამდე საქართველოში არსებული კლინიკები, ვთქვათ, აპენდიციტის ოპერაციისთვის სხვადასხვა ფასს სთავაზობდნენ პაციენტებს, ახალი სისტემის დანერგვის შემდეგ აღნიშნული ოპერაციის საფასური ყველა საავადმყოფოში ერთნაირი ხდება.
ჯანდაცვის სამინისტრო ახალი სისტემის დანერგვას მკაცრად გააკონტროლებს და კლინიკებს არ ექნებათ პაციენტებისთვის დამატებითი თანხების მოთხოვნის მოტივაცია.
კლინიკების დაფინანსების ახალმა მოდელმა გაამართლა - აზარაშვილი>>
მანამდე კლინიკების შემოწმების დროს გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც დამატებითი მოგების მიღების მიზნით პაციენტს მეტ მედსერვისს აწვდიდნენ, ვიდრე ეს რეალურად იყო საჭირო.
საქართველომ გამოიყენა ლატვიის მეთოდი, რომელიც ჯანდაცვის ქართულ სისტემას ყველაზე მეტად ესადაგება. სამინისტროში დარწმუნებული არიან, რომ მომავალში ქვეყანა დადებით შედეგს მიიღებს რესურსის ეკონომიის, პაციენტისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობისა და სერვისის ხარისხის კუთხით.
უფრო ადრე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე 900 მლნ ლარს ხარჯავს. მისი თქმით, ეს საკმაოდ დიდი დაფინანსებაა და ეს მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე DRG–სისტემა არ გავრცელდება გარკვეულ სამედიცინო მომსახურებაზე: გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია, გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობა, მშობიარობა/საკეისრო კვეთა, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია, მასთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები, თრომბოლიზისი და თრომბექტომია ინსულტის შემთხვევაში.
დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს. ამ მოდელის პრინციპი მოიცავს დაავადების ყველა რეგისტრირებული შემთხვევის ისეთ ჯგუფებში გადანაწილებას, რომლებიც სტაციონარში პაციენტის ყოფნის პერიოდში მსგავსი რესურსების გამოყენებას საჭიროებს. საუბარია დიაგნოსტიკურ, თერაპიულ და ტექნიკურ ფაქტორებზე. ყოველ პაციენტს ენიჭება ერთ-ერთი DRG. ეს სტაციონარში პაციენტის ფიქსირებულ ფასად მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0