„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებისთვის რეგისტრაცია ხარვეზებით მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Stringer"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისი
ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2023
გამოწერა
გიორგი მუმლაძის თქმით, ეს ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტის სისუსტეს, რაც საბოლოო ჯამში არჩევნების სანდოობის საკითხს შეუქმნის საფრთხეს.
თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. საქართველოს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროგრამა გამართულად არ მუშაობს და ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს დარეგისტრირებას, განაცხადა თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ.
პარტიის თავმჯდომარის არჩევნები 28 იანვრის 10:00 საათიდან დაიწყება და 30 იანვრის 10:00 საათზე დასრულდება. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატების სახით დარეგისტრირდნენ პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე ნიკა მელია, პარლამენტის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი, პარტიის ყოფილი წევრი, წარსულში პარტიის თბილისის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნონა მამულაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი მუმლაძე.

„მხარდამჭერთა რეგისტრაცია 13 იანვარს დაიწყო, რათა ადამიანებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, თუმცა, სამწუხაროდ, გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები. პროგრამა არ მუშაობს გამართულად, არის ხარვეზები, ბევრს უჭირს რეგისტრაციის გავლა“, – განაცხადა მუმლაძემ.

მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტის სისუსტეს, რაც საბოლოო ჯამში არჩევნების სანდოობის საკითხს შეუქმნის საფრთხეს.
„იმის ნაცვლად, რომ მეტ ადამიანს მივცეთ არჩევნებში მონაწილეობის შანსი და არჩეული თავმჯდომარე უფრო ლეგიტიმური გავხადოთ, ამ ბარიერებით მაქსიმუმამდე ვამცირებთ არჩევნებში მონაწილე ადამიანთა რაოდენობას, რაც კატასტროფაა“, – განაცხადა მუმლაძემ.
პოლიტიკოსის თქმით, თავიდან რეგისტრაციისთვის 20 დღე იყო განსაზღვრული, რომელიც შემდეგ 13 დღემდე შეამცირეს.
როგორც მუმლაძემ აღნიშნა, უახლოეს საათებში საორგანიზაციო ჯგუფმა უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, თუ რას აპირებენ ხარვეზის გამოსასწორებლად.
„ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის არჩევნებისთვის ემზადება>>>
„თუ ამას არ გააკეთებენ, პრაქტიკულად პროცესის ლეგიტიმაციის საკითხი დგება ეჭვქვეშ. ვფიქრობ, თუ ეს ხარვეზები დროულად ვერ აღმოიფხვრება, შეიძლება არჩევნების თარიღის გადაწევა იყოს გონივრული, რადგან თუ ვერ დავარეგისტრირეთ ჩვენი მხარდამჭერები, პროცესის მიმართ სანდოობა დაიკარგება“, – განაცხადა მუმლაძემ.
როგორც მან აღნიშნა, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პოსტი უნდა დატოვოს, რადგანაც არის სუსტი მენეჯერი და ვერცერთ კრიტიკულ მომენტში მან ვერ შეასრულა ლიდერის ფუნქცია.
ექსპერტების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ძირითადი ბრძოლა პარტიაში ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილს შორის გაიმართება. თუ ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ მზადაა პარტიაში დარჩეს წაგების შემთხვევაშიც, მელიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, დაემორჩილება თუ არა ხაბეიშვილს, არჩევნების შემდეგ მიიღებს.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ. თავად მელია ექს-პრეზიდენტის სურვილის წინააღმდეგ აირჩიეს, რომელსაც ამ პოსტზე თავისი ძველი თანამებრძოლის ლევან ვარშალომიძის ხილვა სურდა. ვარშალომიძე ამჟამად მხარს ხაბეიშვილს უჭერს.
ყველა ახალი ამბავი
0