„ქართული ოცნება“: ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნები პარტიის დასასრულის დასაწყისი იქნება

© photo: Sputnik / Stringerენმ-ის მთავარი ოფისი
ენმ-ის მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2023
გამოწერა
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული პარტიის თავმჯდომარის არჩევნები 28 იანვარს დაიწყება
თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები პოლიტიკური ასპარეზიდან მისი გაქრობის დასაწყისი იქნება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით მათიკაშვილმა.
თავმჯდომარის არჩევამდე ერთი კვირით ადრე „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ გაიყო ორ ბანაკად - ესენი არიან რადიკალურად განწყობილი ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები „ძველი გვარდიიდან“ და ენმ-ის მოქმედი თავმჯდომარის, ზომიერი პოლიტიკის მომხრე ნიკა მელიას მხარდამჭერები.
„2012 წელს ხელისუფლებიდან ხომ წავიდა „ნაციონალური მოძრაობა“, ოპოზიციიდანაც მალე წავა, რადგანაც არ მგონია, გაუძლოს ამ შიდა ურთიერთობების ძალიან მაღალ დონეზე დაპირისპირებას“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ამასთან მან არ გამორიცხა, რომ ლიდერების ნაწილმა არჩევნების შემდეგ პარტიას დატოვებს.
„არჩევნების შემდეგ ნამდვილად არსებობს ალბათობა, ამ რადიკალურმა დაჯგუფებამ საერთოდ პარტიის სახეც კი დაკარგოს. ვფიქრობთ, ამ პარტიიდან გადინებებიც იქნება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის არჩევნებისთვის ემზადება >>
პარტიის თავმჯდომარის არჩევნები 28 იანვარს, 10:00 საათზე დაიწყება და დასრულდება 30 იანვრის 10:00 საათზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატების სახით დარეგისტრირდნენ პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის აქტიური წევრი, ამჟამად პარლამენტის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი, პარტიის ყოფილი წევრი, წარსულში პარტიის თბილისის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნონა მამულაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციის „მოძრაობა საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი მუმლაძე.
ექსპერტების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ძირითადი ბრძოლა პარტიაში ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილს შორის გაიმართება. თუ ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ მზადაა პარტიაში დარჩეს წაგების შემთხვევაშიც, მელიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, დაემორჩილება თუ არა ხაბეიშვილს, არჩევნების შემდეგ მიიღებს.
პარტიის თავმჯდომარის არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც პარტიული ლიდერების ნაწილი მელიას ღიად დაუპირისპირდა. შემდგომში ბრძოლა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრე ბანაკსა და „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში ლევან ხაბეიშვილი უდგას, კიდევ უფრო გამწვავდა.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ. თავად მელია ექს-პრეზიდენტის სურვილის წინააღმდეგ აირჩიეს, რომელსაც ამ პოსტზე თავისი ძველი თანამებრძოლის ლევან ვარშალომიძის ხილვა სურდა. ვარშალომიძე ამჟამად მხარს ხაბეიშვილს უჭერს.
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელია, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბრძოლა „ნაცმოძრაობაში“ ორ ბანაკს შორის უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებასა და პარტიული სიების შედგენას.
ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.
ყველა ახალი ამბავი
0