სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა კვლავ საპროტესტო აქცია გამართეს

© Ministry of Internal Affairs of Georgiaგადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი 112
გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი 112 - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2023
გამოწერა
მედიკოსები 2022 წლის მაისიდან მოითხოვენ შრომის პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მომატებას.
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობასთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება „TV პირველი“.
სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, რომლებიც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრს ექვემდებარებიან, ხელფასების გაზრდასა და შრომის ნორმალური პირობების შექმნას მოითხოვენ.
დღევანდელ აქციაზე მათ კიდევ ერთი მოთხოვნა დაამატეს – უწყების ხელმძღვანელობისა და ადმინისტრაციის გადადგომა. აქციის მონაწილეების თქმით, მათ კურიერად მუშაობა უწევთ, რომ თავი და ოჯახი გამოკვებონ. სამედიცინო უმაღლეს სასწავლებლებში მრავალწლიანი სწავლის შემდეგ, ნაცვლად ღირსეული ხელფასისა, შრომის აუტანელი პირობები მიიღეს.
რა შეიცვალა ჯანდაცვის სფეროში 2022 წელს: მიღწევები და გეგმები>>
მედიკოსებმა გააპროტესტეს ის ფაქტიც, რომ წლის ბოლოს მათ მიიღეს ე.წ. მე-13 ხელფასის მხოლოდ 70% და არა 100%, როგორც ეს ადრე ხდებოდა. გარდა ამისა, ადრე მათ შეეძლოთ დამატებით მორიგეობა, რათა მეტი ხელფასი აეღოთ, მაგრამ იანვრიდან ესეც აიკრძალა.
სასწრაფო დახმარების უფროსი ექიმი ყოველ მორიგეობაზე იღებს 180 ლარს, უმცროსი ექიმი – 140 ლარს, ხოლო მძღოლი – 105 ლარს. კოვიდ-პროგრამის ფარგლებში დანამატი 50%-ს შეადგენდა. ეს დანამატი გასულ წელს გაუქმდა.
ექიმებს უარი უთხრეს ასევე კერძო სამედიცინო დაზღვევაზე, ასევე გააუქმეს სასწრაფო დახმარების მანქანების დეზინფექციის პროცესი.
სასწრაფო დახმარების თანამშრომლების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ აპრილში განუცხადეს, რომ უქმდებოდა დანამატი ხელფასზე, რადგან მკვეთრად შემცირდა კოვიდ-ინფიცირებულების რაოდენობა.
საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღო>>
საპროტესტო აქციების დაწყებამდე ისინი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ. მედიკოსების თქმით, მათ დაჰპირდნენ შრომის ღირსეულ პირობებს და ასევე იმას, რომ ერთ კვირაში მოამზადებდნენ დოკუმენტს, რომელშიც ასახული იქნებოდა ღირსეული ხელფასი, მაგრამ ფინანსური კუთხით არაფერი შეცვლილა.
რამდენიმე დღის შემდეგ გაიმართა ცენტრის თანამშრომლების შეხვედრა ადმინისტრაციასთან, სადაც ხელფასის ზრდაზე საუბარი არ ყოფილა. ამის ნაცვლად, 24-საათიანი მორიგეობა 12-საათიანი გახდა. მედიკოსების თქმით, ასეთი გრაფიკი არაერთხელ იქნა შემოთავაზებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მაგრამ პრაქტიკაში აღმოჩნდა, რომ ის არ ამართლებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0