გია ვოლსკი გიული ალასანიას მუქარას გამოეხმაურა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ვოლსკი
საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2023
გამოწერა
ვიცე-სპიკერმა ურჩია გიული ალასანიას, მოუწოდოს თავის შვილს დაემორჩილოს ექიმების მოთხოვნებს და შეწყვიტოს თვითდაზიანება.
თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. მიმართულება, რომელიც საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ აირჩია, პატიმრის ინტერესებში არ შედის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
ასე გამოეხმაურა ვოლსკი ალასანიას ბოლო განცხადებას. ექს-პრეზიდენტის დედის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს კოლექტიურად კლავენ, სამაგალითოდ დაისაჯონ. სააკაშვილი „ვივამედის“ სამოქალაქო კლინიკაში 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება. სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან შეძლოს საზღვარგარეთ გამგზავრება სამკურნალოდ.
„გიული ალასანიას მიერ გაკეთებულ განცხადებას სერიოზულობა აკლია - მას შეიძლება გავუგოთ როგორც დედასა და ოჯახის წევრს, მაგრამ მიმართულება, რაც აარჩია, პატიმრის საუკეთესო ინტერესებში არ შედის“, - განუცხადა ჟურნალისტებს ვოლსკიმ.
ვოლსკიმ მოუწოდა გიული ალასანიას, ურჩიოს თავის შვილს დაემორჩილოს ექიმების მოთხოვნებს და შეწყვიტოს თვითდაზიანება.
„მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების, თანაპარტიელებისა და თანამოაზრეების მობილიზაცია ერთი იდეის გარშემო ხდება - როგორმე სააკაშვილი იყოს ცუდად და მისი ცუდად ყოფნა გამოიყენონ იმისთვის, რომ საზოგადოება დაირაზმოს და აქციები ჩაატარონ. აქციებს აუცილებლად რევოლუციური პროცესების განვითარება და ხელისუფლების შეცვლა უნდა მოჰყვეს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
პატრიარქმა სააკაშვილს წერილი გაუგზავნა - რა წერია მთავარ გზავნილში >>
რაც შეეხება მუქარას, ეს, ვოლსკის თქმით, „ჩვეულებრივი ამბავია“.
„უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ დღეს ხელთ არა აქვთ მექანიზმები იმისა, რომ მუქარა აასრულონ. გამომდინარე აქედან, მხოლოდ განცხადებების იმედად რჩებიან. 2024 წელს არჩევნები ჩატარდება და საზოგადოება გამოხატავს საკუთარ პოზიციას თუ რამდენად მართალია გიული ალასანია თუ ნებისმიერი სხვა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
იმავდროულად, ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ სასამართლო სხდომაზე ფიზიკურად ყოფნას ან დისტანციურად მონაწილეობას ვერ შეძლებს. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე მოსამართლე გიორგი არევაძეს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო სასჯელის გაუქმების ან გადავადების საკითხზე ყოველდღიური სასამართლო სხდომების გამართვის მოთხოვნით მიმართავს.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საქმეზე სასამართლო პროცესი 9 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება. საქმეში ჩართული ამერიკელი ექსპერტებიდან ორი – ტოქსიკოლოგი დევიდსმიტი და ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი სასამართლოში უკვე დაკითხეს. ორივემ განაცხადა, რომ სააკაშვილს პროგრესირებადი დემენცია აქვს, რაც ორგანიზმში მძიმე ლითონების მოხვედრამ გამოიწვია.
გოლდსმიტმა და სმიტმა ერთადერთ გამოსავლად სააკაშვილის გათავისუფლება დაასახელეს, რათა მან მკურნალობა საზღვარგარეთ ჩაიტაროს, სადაც არის მაღალი კლასის სადიაგნოსტიკო საშუალებები და თავის ტვინის პრობლემების მქონე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება, რომლებსაც ეს მდგომარეობა ორგანიზმის მძიმე ლითონებით დაბინძურების შედეგად შეექმნათ.
„ვივამედი“ სასამართლო პროცესზე სააკაშვილის ფიზიკურად დასწრების რეკომენდაციას არ გასცემს >>
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანია ხელისუფლების დიკრედიტაცია.
ამის დასადასტურებლად პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
სააკაშვილის თანამებრძოლებმა და მომხრეებმა სამინისტრო ადამიანის პირადი ცხოვრების კადრების უკანონო გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს. საკითხს უკვე სწავლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.

დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები

სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0