რამდენად გაიზარდა საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება რუსეთზე 2022 წელს – ექსპერტი
© photo: Sputnik / ALEX IMEDASHVILI +995 599 166841თბილისი
© photo: Sputnik / ALEX IMEDASHVILI +995 599 166841
გამოწერა
დიპლომატიური კავშირების, პირდაპირი ავიამიმოსვლის არარსებობისა და მოქმედი ცალმხრივი სავიზო რეჟიმის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები საკმაოდ სწრაფად ვითარდება.
სტატისკის თანახმად, 2022 წლის იანვარ–ნოემბერში საქონელბრუნვა ქვეყნებს შორის 49,2%–ით გაიზარდა გასული წლის 11 თვის მონაცემებთან შედარებით და 2,2 მლრდ დოლარი შეადგინა.
თუ უფრო ჩავუღრმავდებით საკითხს, გაირკვევა, რომ მეზობელმა რუსეთმა პრაქტიკულად ყველა ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდაში დადებითი როლი შეასრულა.
რამდენად გაიზარდა საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე, ამაზე Sputnik–საქართველოს აერთაშორისო პროგნოზებისა და კვლევების ცენტრის ვიცე–პრეზიდენტი ნიკა შენგელია ესაუბრა.
ექსპერტმა, პირველ რიგში, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standart & Poor's–ის ნოემბრის მიმოხილვა ახსენა, რომლის თანახმად საქართველოს ეკონომიკის მაღალი ზრდა რუსეთიდან მიგრანტების ნაკადმა და მათ მიერ გადმორიცხულმა ფულადმა სახსრებმა უზრუნველყო.
ორგანიზაციის მონაცემებით, მიგრანტების ნაკადის გამო საქართველოს ეკონომიკა, მოსალოდნელი პროგნოზებისგან განსხვავებით, 10,3%–ით გაიზარდა.
„საქართველოში დაახლოებით 17 ათასი რუსული კომპანიაა დარეგისტრირებული, ნახევარზე მეტი 9,5 ათასი კომპანიიდან დარეგისტრირდა 24 თებერვლის შემდეგ. დარეგისტრირებული კომპანიების 95%–ზე მეტი ინდივიდუალური საწარმოა, ეს კი ნიშნავს, რომ ამ საწარმოების მფლობელები ძირითადად საქართველოში გადმოვიდნენ“, – განმარტა შენგელიამ.
საქართველომ 2022 წლის იანვარ–ნოემბერში რუსეთიდან დაახლოებით 2,850 მლრდ დოლარით მეტი შემოსავალი მიიღო ფულადი გადმორიცხვების, ტურიზმისა და საქონლის ექსპორტის ხარჯზე, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 2,6–ჯერ მეტია.
„2022 წლის იანვარ–ნოემბერში შემოსავლებმა რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვების, ტურიზმისა და საქონლის ექსპორტისგან საქართველოს ეკონომიკის (მშპ) 12,6% შეადგინა მაშინ, როცა 2021 წლის იანვარ–სექტემბერში ამ მაჩვენებელმა 6,3%–ს მიაღწია, ხოლო მაქსიმუმი იყო 2019 წელს – 10,4%“, – განაცხადა შენგელიამ.
ეს ნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე იზრდება. ზრდა, ძირითადად, განპირობებულია ფულადი გადმორიცხვების ნახტომისებრი გაზრდით, აღნიშნა შენგელიამ.
მიუხედავად ამისა, ექსპერტი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ეკონომიკურმა დამოკიდებულებამ რუსეთზე, მიუხედავად მნიშვნელოვანი ზრდისა, არ მიაღწია ისეთ დონეს, რომ, ამ ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობების სრული გაწყვეტის დროსაც კი, საქართველო ღრმა კრიზისში აღმოჩნდეს და ქვეყანა ვერ განვითარდეს.
2022 წლის იანვარ–ნოემბერში რუსეთიდან იმპორტი 73%–ით გაიზარდა და 1,6 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. საქართველოს მთელ იმპორტში რუსეთიდან იმპორტის წილი 13,1%–ია, რაც ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
უკრაინის მოვლენების დაწყების შემდეგ რუსეთიდან ყველაზე მეტად გაიზარდა ნავთობპროდუქტების (საწვავის) იმპორტი – 350%–ით (329 მლნ დოლარი). იმპორტში რუსული საწვავის წილმა 50%–ზე მეტი შეადგინა. ქვანახშირისა და კოქსის წილი სამჯერ, 57 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
„საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ნავთობზე მაღალია. რუსული საწვავი პრიორიტეტულია ქართული ბაზრისთვის სხვა ქვეყნების ნავთობპროდუქტებთან შედარებით მისი დაბალი ღირებულების გამო“, – განაცხადა შენგელიამ.
რუსეთის გარდა საქართველოში ნავთობრპოდუქტები შემოდის რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, აზერბაიჯანიდა, თურქმენეთიდან.
მხოლოდ ფაქტები
კვლავ მაღალია საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ხორბალსა და ფქვილზე. 2022 წლის იანვარ–სექტემბერში რუსული ხორბლისა და ფქვილის წილი ამ პროდუქციის იმპორტის მთლიან მოცულობაში 96% იყო. საქართველოში მოხმარებული ხორბლის ფქვილის უმეტესი ნაწილი (78%–მდე) რუსეთიდან შემოდის.
2022 წლის აპრილ–ნოემბერში ფულადი გადმორიცხვები რუსეთიდან საქართველოში ექვსჯერ გაიზარდა და 1,2 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა. ასეთი მაღალი ზრდის ძირითადი მიზეზია რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში გადმოდიან და რომლებიც ფულს რუსეთიდან აგზავნიან.
2022 წლის პირველ ნახევარში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა რუსეთიდან 12 მლნ დოლარი შეადგინა.
რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის 3,6–ჯერ გაზრდის მიუხედავად, რუსულ ელექტროენერგიაზე საქართველოს შიდა მოხმარების მხოლოდ 3% მოდის. ბუნებრივი აირის იმპორტი რუსეთიდან 32%–ით შემცირდა. რუსული გაზის წილი საქართველოს შიდა მოხმარების 7%–მდე შეადგენს.
2022 წლის იანვარ–ნოემბერში საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 12%–ით გაიზარდა და 500 მლნ დოლარს მიაღწია. ომის დაწყების შემდეგ, მარტ–სექტემბერში ექსპორტი 6,3%–ით გაიზარდა, რაც, ძირითადად, მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის 4,4–ჯერ გაზრდამ გამოიწვია.
ტრადიციულად, ქართული ღვინის ექსპორტი ძალიანაა დამოკიდებული რუსულ ბაზარზე. 2022 წლის იანვარ–სექტემბერში 109 მლნ დოლარის ღვინის ექსპორტმა რუსეთში საქართველოს ღვინის მთელი ექსპორტის 63% შეადგინა.
რუსეთიდან ვიზიტორების ზრდის ტემპები 2022 წელს მნიშვნელოვნად დაჩქარდა – იანვარ–სექტემბერში საქართველოში 780 ათასი ვიზიტორი შემოვიდა.
2022 წლის იანვარ–სექტემბერში რუსი ვიზიტორების რიცხვმა საქართველოში შემოსული ვიზიტორების 20% შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე ოჯერ მეტია.
რუსეთიდან ჩამოსულების ნაწილი, სინამდვილეში, იმიგრანტები არიან. ამაზე მეტყველებს როგორც კომპანიების რეგისტრაცია, ისე საქართველო–რუსეთის საზღვრის ორმხრივი გადაკვეთების სტატისტიკა და რუსეთის მოქალაქეების მიერ ქართულ ბანკებში 10 ათასი ანგარიშის გახსნა.
შენგელია მიიჩნევს, რომ უკრაინულმა კრიზისმა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა რუსეთში ეკონომიკური ვითარება გაართულა, რაც შეიძლება წლების განმავლობაში გაიწელოს და, როგორც შედეგი, ქართული ეკონომიკის დამოკიდებულება რუსულზე მხოლოდ გაიზრდება.
„რუსულ ეკონომიკაზე რომ არ ვიყოთ დამოკიდებული, მიგვაჩნია, რომ საქართველომ თავის სტრატეგიულ პარტნიორებს აქტიურად უნდა მოსთხოვოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოქმედების დაჩქარება“, – განაცხადა ექსპერტმა.
რობინზონ ნაჭყებია