აქციები, არეულობა, ცვლილებები მთავრობაში: როგორი იქნება 2023 წელი? ექსპერტების პროგნოზი

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს დროშები
საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2023
გამოწერა
ქართველი პოლიტიკოსები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს საქართველოს პოლიტიკურ ველზე 2023 წელს.
2023 წელი, გასულ 2022 წელთან და მომავალ 2024 წელთან შედარებით, მშვიდი იქნება, მიიჩნევს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
მშვიდი ცხოვრების პროგნოზირება საქართველოში რამდენადმე უადგილოა, რადგან ქვეყანაში ყოველ წელს ხდება რაღაც მოვლენები, რომლებიც დიდ ემოციებს იწვევს, აღნიშნა ექსპერტმა.
„რაღაც თემები მომავალი წლის დაწყებამდე ამა თუ იმ მიმართულებით გადაწყდება. ვგულისხმობ, ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ შიდა პროცესებს. და მეორე მხრივ – გარე ფაქტორებს, როგორიცაა უკრაინის მოვლენები და მასთან დაკავშირებული პრობლემები“, – აღნიშნა საყვარელიძემ.
მისი თქმით, არის საფუძველი, რომ ვივარაუდოთ – უკრაინის საკითხი გარკვეულწილად 2023 წლის პირველ ნახევარში შეიძლება გადაწყდეს.
ვითარება მწვავდება
პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ ვითარება ქვეყანაში თანდათანობით მძაფრდება. პოლიტოლოგის აზრით, ეს, პირველ რიგში, მომავალ არჩევნებს უკავშირდება.
„2024 წელს იქნება საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკურ ოპოზიციას ისევე, როგორც მთავრობას, ესმის, რომ ჯერჯერობით ვითარება არ შეცვლილა. ეს აწყობს „ქართულ ოცნებას“, რომელიც, თუ არაფერი შეიცვლება, რა თქმა უნდა, მოიგებს მორიგ საპარლამენტო არჩევნებს“, – განაცხადა სიხარულიძემ.
მისი თქმით, ეს ოპოზიციის შეტევებს იწვევს, რადგან ბოლო საპარლამენტო არჩევნების წაგების შემდეგ ოპოზიციას იმედი ჰქონდა, რომ სიტუაცია რამენაირად შეიცვლებოდა – „ქართული ოცნებით“ უკმაყოფილო ხალხი არ დაუშვებს, რომ ეს პარტია მეოთხე ვადით დარჩეს.
„თუმცა, იქიდან, რაც ახლა ჩანს, ხალხი უკმაყოფილოა „ქართული ოცნებით“, მაგრამ, ამავე დროს, ეს ადამიანები არ არიან მზად, რომ ხმა ოპოზიციას მისცენ. და იქიდან, რასაც ვხედავ, ოპოზიციაში იდენტობის დიდი ფუნდამენტური კრიზისია“, – აღნიშნა პოლიტოლოგმა.
ოპოზიციას არ ესმის, რისი შეთავაზება შეუძლია მას ქართული საზოგადოებისთვის, აღნიშნა სიხარულიძემ.
„უფრო მეტიც, ვფიქრობ, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც რეალურად იყო ხელისუფლებაში, რომელსაც უკან დაბრუნება უნდა, მხედველობაში მყავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა ეს ადამიანი – მათ მკაფიოდ ესმით, რომ ისინი ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ მოვლენ. მათ, უბრალოდ, მხარდაჭერა არ ეყოფათ“, – აღნიშნა პოლიტოლოგმა.
სწორედ ამიტომ შეწყვიტა მოსახლეობასთან მუშაობა ოპოზიციამ, რადგან, სიხარულიძის აზრით, მათ ესმით, რომ ჰყავთ თავიანთი ადამიანები, რომლებიც მათ ხმას ისედაც მისცემენ.
„ქართულ ოცნებასაც ჰყავს თავისი ხალხი, ხოლო ამომრჩეველთა დანარჩენი ნაწილი ან არ მიიღებს მონაწილეობას კენჭისყრაში, ან „ქართულ ოცნებას“ მისცემს ხმას, რადგან ოპოზიციას მათთვის არაფრის შეთავაზება არ შეუძლია“, – განაცხადა სიხარულიძემ.
© photo: Sputnikპოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე
Политолог, лектор Тбилисского государственного университета им. Джавахишвили Арчил Сихарулидзе - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2023
პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე
ამიტომ ახლა ოპოზიციური ძალები უფრო მეტად მუშაობენ გარე აქტორებთან და აშშ–ისა და ევროპის მხრიდან ზეწოლის დახმარებით ცდილობენ საკუთარი რეიტინგის ამაღლებას და ჩვენებას, რომ, განსხვავებით ოპოზიციისგან, „ქართულ ოცნებას“ გარეთ მეზობლები არ ჰყავს, დასძინა პოლიტოლოგმა.
„მათ ეს, ერთი მხრივ, გამოსდით, რადგან ადამიანები, რომლებიც საქართველოს კურირებენ, კრიტიკულად არიან განწყობილი. მაგრამ მეორე მხრივ, რაიმე ფუნდამენტურად ნეგატიური პოზიცია დასავლეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით სხვადასხვა მიზეზით არ არის, და ეს ოპოზიციისთვის საქმეს ართულებს“, – განაცხადა სიხარულიძემ.
ამიტომ ოპოზიცია ეცდება სიტუაციის დაძაბვას, თუმცა, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ რამე განსაკუთრებული რყევები არ იქნება ერთი უბრალო მიზეზის გამო – ოპოზიციას შემოსათავაზებელი არაფერი აქვს.
„და ის ფაქტი, რომ მათ ახლა წამოწიეს მიხეილ სააკაშვილის თემა და იმის შესაძლებლობა, რომ ის შეიძლება გარდაიცვალოს, მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად ძლიერი კრიზისი აქვთ ამ ადამიანებს შინაგანად, რადგან ერთადერთი, რითიც შეუძლიათ მათ რეალურად ჟონგლიორობა, ესაა ის, რომ „ქართული ოცნება“ პრორუსულია და იმით, რომ სააკაშვილი ციხეში მოკვდება“, – დასძინა მან.
სირთულეები იქნება
რყევები საქართველოში ჩვეულებრივი საქმეა, აღნიშნა თავის მხრივ, პოლიტოლოგმა ვასო კაპანაძემ. რაც შეეხება 2023 წლის პროგნოზს, დღევანდელი რეალიებიდან გამომდინარე, შეიძლება პროგნოზის გაკეთება, რომ ვითარება არაერთმნიშვნელოვანი და რამდენადმე რთული იქნება, აღნიშნა ექსპერტმა.
„ვხედავთ, რომ ქვეყანას ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს. არის როგორც შიდაპოლიტიკური, ისე გარეპოლიტიკური პრობლემები. არაა გადაწყვეტილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხი და ძალიან ბევრი კითხვაა მის მომავალ ბედთან დაკავშირებით“, – განაცხადა კაპანაძემ.
პოლიტოლოგის თქმით, საქართველოში ვითარებაზე გავლენას ახდენს ასევე უკრაინის მოვლენები და, შესაბამისად, ყველას დაძაბულ მდგომარეობაში ამყოფებს, მათ შორის, წამყვან პოლიტიკურ ძალებს.
„შესაბამისად, როგორ განვითარდება პროცესი, რთული სათქმელია. როგორც ჩანს, გარკვეული სირთულეები იქნება და ერთმნიშვნელოვნად დადებითი პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია“, – აღნიშნა კაპანაძემ.
ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობაში 2023 წელს პრემიერ–მინისტრის დონეზე საკადრო გადაადგილებები მოსალოდნელი არ არის, რადგან, როგორც ექსპერტმა აღნიშნა, მთავრობის ამჟამინდელმა მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წელს მოსახლეობის დიდი ნაწილის ნდობა მოიპოვა თემით „არ ჩავებათ საომარ კონფლიქტში“.
„პრემიერი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ყველანაირად იბრძოდნენ ამ პოზიციისთვის. ამიტომ, როგორც ბოლო სოციოლოგიურ კვლევებში დავინახეთ, ამ პოზიციას, რომ საქართველო არ უნდა ჩაებას საომარ მოქმედებებში, მოსახლეობის 91% უჭერს მხარს. ალბათ, ამდენივე პროცენტი უჭერს მხარს მთავრობას“, – აღნიშნა საყვარელიძემ.
© Sputnik / Alexander Imedashviliექსპერტი რამაზ საყვარელიძე
Грузинский эксперт и политолог Рамаз Сакварелидзе - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2023
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე
არჩილ სიხარულიძე, თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ საკადრო გადაადგილებებს აზრი არა აქვს. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე ჩამოიშორა ის ადამიანები, რომლებიც მზად არ არიან, პარტიის ლიდერებს იმ მიმართულებით გაჰყვნენ, რომლითაც ისინი მიდიან.
„ის ნელ–ნელა იწმინდებოდა. ჯერ წავიდნენ „რესპუბლიკელები“, ბოლოს წავიდა გახარია. „ქართულ ოცნებაში" დარჩნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ახლა პარტიის ხაზის ერთგული არიან. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ვითარება ასე თუ ისე სტაბილურია, გაუგებარია, რატომ უნდა ინერვიულოს ირაკლი ღარიბაშვილმა“, – განაცხადა სიხარულიძემ.
აზრი არა აქვს სადმე წასვლას, რადგან ღარიბაშვილს პარტიის შიგნით აქვს მხარდაჭერა, აღნიშნა პოლიტოლოგმა.
„მას ყველაფერი წესრიგში აქვს, ხალხს უყვარს „ქართული ოცნება“, მაგრამ აღარ უყვარს ოპოზიცია. ამიტომ რამე გადაადგილებას არ უნდა ველოდოთ“, – აღნიშნა სიხარულიძემ.
პოლიტოლოგის აზრით, ეს შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ უშუალოდ არჩევნების წინ რამე მოხდება და „ქართული ოცნება“ სიტუაციის არევას მოისურვებს, რათა შექმნას შთაბეჭდილება, რომ არის რაღაც მოძრაობა, ვიღაც ახალი სახეები და ა.შ.
„და მაინც, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ არჩევნების წინ და გაუგებარია, რატომ უნდა მოხდეს ეს, რადგან ახალი სახეები ქართულ პოლიტიკაში უკვე დიდი ხანია, არ ყოფილა. და არა მგონია, რომელიმე სხვა პრემიერ–მინისტრის დანიშვნით „ოცნების“ რეიტინგი გაიზრდება“, – დასძინა პოლიტოლოგმა.
პოლიტოლოგი ვასო კაპანაძე, თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ 2023 წელს საკადრო გადაადგილების საკითხები ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ აეწყობა ვითარება ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ.
„რა თქმა უნდა, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მით უმეტეს, ვხედავთ, რომ უახლოეს დღეებში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს – შეიწყალოს თუ არა სააკაშვილი. და, შესაბამისად, ამ საკითხის გადაწყვეტას ასევე შეუძლია გავლენის მოხდენა იმაზე, იქნება თუ არა საკადრო ცვლილებები ხელისუფლების სტრუქტურის უმაღლეს შტოებში“, – განაცხადა კაპანაძემ.
ამავდროულად, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ პრემიერ–მინისტრს საკმაოდ მყარი პოზიციები აქვს, თუმცა, მინისტრთა კაბინეტში გარკვეული გადაადგილებები გამორიცხული არაა.
აქციები და არეულობები
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ არეულობა ნებისმიერ ქვეყანაში შეუძლია გამოიწვიოს ადამიანების პატარა ჯგუფმაც, ასე რომ, ამისგან არცერთი სახელმწიფო არაა დაზღვეული.
რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ საპროტესტო განწყობას, ამ ძალას ამ ეტაპზე ადამიანების ქუჩაში გამოყვანის რესურსები არა აქვს.
„არა მგონია, რომ მოსახლეობა ძალიან განიცდის მიხეილ სააკაშვილის ბედს. ადამიანები ხომ ქუჩაში, უმრავლეს შემთხვევებში, მაშინ გამოდიან, როცა რაღაც მათ პირად ბედს ეხება“, – განაცხადა საყვარელიძემ.
პოლიტოლოგი ვასო კაპანაძე, თავის მხრივ, დარწმუნებულია, რომ „ნაცმოძრაობა" სააკაშვილის ფაქტორის გამოყენებას შეეცდება, რათა ქვეყანაში ვითარება გაამწვავოს.
„თუმცა, მას შემდეგ, რაც სააკაშვილის პოლიტიკური წონა ნულის ტოლი გახდა, ხოლო ასეთი ქარიზმატული და ავანტიურული ლიდერი მათ არ ჰყავთ და არც ეყოლებათ არც ბატონი მელიასა და არც ხაბეიშვილის სახით, შესაბამისად, სერიოზული პოლიტიკური მომავალი ამ პარტიას არა აქვს და ქვეყანაში სერიოზული დაძაბულობის გამოწვევას ვერ შეძლებენ“, – აღნიშნა მან.
© photo: Sputnik / ALEX IMEDASHVILI 599166841პოლიტოლოგი ვასო კაპანაძე
Васо Капанадзе и Тамар Кикнадзе на пресс-конференции в пресс-центре Sputnik - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2023
პოლიტოლოგი ვასო კაპანაძე
ის ფაქტი, რომ „ნაცმოძრაობა" და ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ გაერთიანდა, ოპოზიციაში ფუნდამენტურ იდეოლოგიურ კრიზისს აჩვენებს, აღნიშნა პოლიტოლოგმა არჩილ სიხარულიძემ.
„არჩევნები კარს მოგვადგა და მთელი ოპოზიციის მთავარი თემაა, მოკვდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიციამ არ იცის, როგორ აიძულოს ჩვეულებრივი ადამიანები, მიტინგზე გავიდნენ“, – განაცხადა პოლიტოლოგმა.
რადგანაც ოპოზიციას ესმის, რომ ამჟამინდელ ვითარებაში არჩევნებს ღიად ვერ მოიგებს, მას რაღაც რევოლუციური სცენარები სჭირდება, რათა წინააღმდეგობრივი სული წამოწიოს, აღნიშნა სიხარულიძემ.
„ისინი ფიქრობდნენ, რომ თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მისცემენ, ხალხი გამოვარდება გარეთ და დაანგრევს ყველაფერს, როგორც ეს უკრაინაში იყო. მაგრამ ქართული საზოგადოება განვითარებაში ბევრად უსწრებს უკრაინას, ამიტომ ევროკავშირის გამო არავინ წავა ბარიკადებზე“, – დასძინა პოლიტოლოგმა.
სიხარულიძის თქმით, ქართული საზოგადოება, ოპოზიციისგან განსხვავებით, სხვანაირად უყურებს ამ ყველაფერს, და ისინი კვლავ დაუბრუნდნენ იმას, საიდანაც დაიწყეს – სააკაშვილს, რომელიც, პრინციპში, უკვე საქართველოს წარსულია, მაგრამ მას ჰყავს თავისი 20% ამომრჩევლებისა, რომლებიც მზად არიან, მას ხმა მისცენ.
„მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს 20%–იც კი არ არის მზად, რომ მის გამო წავიდეს მიტინგზე, ბარიკადებზე. ეს ცხადია, რადგან მთელი წელი მათ 100–200 კაცის შეკრება ვერ შეძლეს“, – აღნიშნა მან.
პოლიტოლოგის თქმით, ყველამ გაიაზრა, რომ სააკაშვილი ციხეში ზის არა რაღაც სისულელის გამო, არამედ ის ზის ძალზე გარკვეულ და კონკრეტულ საქმეებზე.
„ამიტომ დაელოდო, რომ მიხეილ სააკაშვილის გამო ადამიანები მიტინგზე გამოვლენ – ალბათ, ასე არ იქნება. საქართველოში, მთელი ისტორიის განმავლობაში, ადამიანები ქუჩაში გამოდიოდნენ ძირითადად, სამართლიანობის, სოციალური უზრუნველყოფის გამო, მაგრამ ევროკავშირის, ამერიკის, სააკაშვილის გამო ხალხი ბარიკადებზე არ წავა“, – აღნიშნა ექსპერტმა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0