რა გაკეთდა თბილისში 2022 წელს - კალაძის ანგარიში

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2022
გამოწერა
კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება გამოყო და მიმდინარე წელს რეალიზებულ პროექტებზე ისაუბრა.
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს მერიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
სიტყვით გამოსვლის დასაწყისში კალაძემ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას, რომელიც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაიღუპა.

„გვაქვს ვალდებულება, რომ მსგავსი ტრაგედია არასდროს აღარ განმეორდეს“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძემ სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება გამოყო და მიმდინარე წელს რეალიზებულ პროექტებზე ისაუბრა.
როგორც მერმა აღნიშნა, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მწვანე სივრცეების მოწესრიგება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება მომავალი წლის ბიუჯეტშიც არის გათვალისწინებული.
„2022 წელს დედაქალაქში მოწესრიგებული გზების ფართობი 825.347 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ამ წელს თბილისის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 923 ქუჩას, გამზირს, აღმართს, ხიდს და დამატებით მოეწყო 45 ახალი ქუჩა; თბილისის მერიის მიერ 38 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორ პარკს, 362 სკვერს და 136 სპორტულ მოედანს", – განაცხადა კალაძემ.
„სპეკულაციები მიუღებელია“ - კალაძე თბილისის საახალწლო სლოგანზე>>
რაც შეეხება ჯანდაცვის პროგრამებს, სულ გამოყოფილი იყო 82 მლნ ლარი.
მერის თქმით, სპორტის მიმართულებით წელს მერიის მხარდაჭერით განხორციელდა 230 სპორტული ღონისძიება, დაიწყო მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა დიდ დიღომსა და ვარკეთილში.
გარდა ამისა, ლილოს დასახლებაში აშენდა საცურაო აუზი, გარემონტდა ოთხი სპორტული ცენტრი, სპორტული ინვენტარით აღიჭურვა სამი სპორტული ცენტრი.
განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით მერია ფინანსურად 3.954 სტუდენტს დაეხმარა.
ტრანსპორტი
აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით დასასრულს უახლოვდება შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომლის მიზანია თბილისში მეტროს სადგურების განახლება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

„პროექტით შერჩეული მეტროს სადგურები სრულად განახლდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და იქნება უნივერსალურად ხელმისაწვდომი, მათ შორის, შეზღუდული მობილობისა და შშმ პირთათვის, რაც დამატებით წაახალისებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებას და მდგრად მობილობას დედაქალაქის მასშტაბით", – განაცხადა კალაძემ.

ამას გარდა, მერის თქმით, 2022 წელს საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სრულყოფილი სისტემა დაინერგა, რის შედეგადაც მიკროავტობუსები, მეტრო და ავტობუსები ერთიან სისტემაში ჩაერთნენ.
კალაძის ინფორმაციით, „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის“ ფარგლებში მუნიციპალიტეტმა ქალაქის ქუჩების მოსავლელად 86 ერთეული სპეცტექნიკა შეიძინა.
ასევე, მერის განცხადებით, მიმდინარე წელს თბილისის მერიამ და გერმანიის საკრედიტო ბანკმა გააფორმეს შეთანხმება „ჭკვიანი" სატრანსპორტო სისტემის პროექტის რეალიზაციის შესახებ. პროექტის ფარგლებში გამოყოფილია 47 მლნ ევრო, რომელიც თბილისისთვის „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის შემდგომ განვითარებას, სისტემის კომპონენტების – „ჭკვიანი შუქნიშნების“, კამერების, დეტექტორების, მონაცემთა პლატფორმის და მართვის ცენტრის შესყიდვასა და დანერგვას მოხმარდება.
ბინების საკითხი
კალაძის ინფორმაციით, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროექტის“ ფარგლებში დაფინანსდა 1.771 პროექტი, რაზეც დაახლოებით 40 მლნ ლარი დაიხარჯა.
გარდა ამისა, 16 მილიონი ლარი დაიხარჯა ავარიული შენობა-ნაგებობების გასამაგრებლად.

„ამ ეტაპზე თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსის მქონე 60-მდე სამშენებლო ობიექტზე მხარდამჭერი ღონისძიებებია გაცემული, რომლის ფარგლებშიც საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდება 11 ათასამდე დაზარალებული პირი", – განაცხადა კალაძემ.

კოოპერატიული ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი მიიღო 300-მდე ოჯახმა. ასევე დაიწყო უპრეცედენტო პროგრამა უსახლკაროთა სტატუსის მქონე ოჯახებისთვის, რომლის ამოქმედებიდან დღემდე შესყიდულია 60-მდე ბინა.
გარდა ამისა, თბილისის მუნიციპალიტეტმა 2022 წლის განმავლობაში სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება დაახლოებით 500 ოჯახს გადასცა.
ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი საპილოტო პროექტი ვარკეთილის დასახლებაში უკვე ხორციელდება. ასევე მიღწეულია შეთანხმება მოქალაქეებთან სამ მისამართზე, სადაც საცხოვრებელი სახლის კონცეპტუალური დიზაინ-პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს. მერის განცხადებით, მომავალ წელს აღნიშნულ პროგრამაში კიდევ 20-ზე მეტი მისამართი ჩაერთვება.
ამას გარდა, მიმდინარე წელს გამკაცრდა სანქციები ისეთ სამართალდარღვევებზე, როგორიცაა სამშენებლო პროცესი, გარე ვაჭრობა, გარემოს დაბინძურება, მწვანე ნარგავების დაზიანება და ა.შ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0