თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ჯაბა სამუშია აირჩიეს

© Sputnik / Alexander Imedashviliთსუ-ის შენობა
თსუ-ის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2022
გამოწერა
ახალი რექტორის არჩევის პროცესი სტუდენტების პროტესტის ფონზე წარიმართა.
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ჯაბა სამუშია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) რექტორად აირჩიეს. სამუშია, რომელიც აქამდე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატურა აღმოჩნდა.
ახალი რექტორის არჩევა სტუდენტების ნაწილის პროტესტის ფონზე წარიმართა. მათი თქმით, რექტორის არჩევის პროცესი არადემოკრატიულია, რამდენადაც რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო და არა მთლიანი პროფესურა.

პროტესტის მიუხედავად სამუშია უნივერსიტეტის 30-ე რექტორი გახდა. იგი აკადემიურმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით აირჩია. საბჭოს 38 წევრიდან არჩევნებში მონაწილეობა 32-მა მიიღო.

საარჩევნო კომისიის მდივნის თქმით, ორი ბიულეტენი გაბათილდა, 30-მა წევრმა კი მხარი სამუშიას დაუჭირა.
ხმის დათვლის პროცესს საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალგაზრდა იურისტების“ ორი წარმომადგენელი აკვირდებოდა.
არჩევნებისთვის ხელის შეშლის მიზნით გასულ ღამეს „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წევრები საარჩევნო დარბაზის კარის ბლოკირებას შეეცადნენ, თუმცა მათ მიზნის განხორციელებაში დაცვის სამსახურმა შეუშალა ხელი.
თსუ-ის რექტორის არჩევნები სტუდენტების პროტესტის ფონზე ტარდება>>>
პროფესორი ჯაბა სამუშია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით 6 თვემდე ვადით მიმდინარე წლის ოქტომბერში აირჩია. არჩევნები სტუდენტების მიერ მოწყობილი არეულობის ფონზე გაიმართა. ყოფილმა რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობა 7 ოქტომბერს დატოვა.
გაზაფხულიდან მოყოლებული, რამდენიმე თვის განმავლობაში „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წევრებს ჰქონდათ ორი მოთხოვნა – რექტორის არჩევნების წესის შეცვლა და სტუდენტების საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფა. საერთო საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მიზნით პროცესები უკვე დაიწყო და მშენებლობა მიმდინარეობს, რასაც სტუდენტური მოძრაობა მიესალმება.
მიმდინარე წლის მაისში უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა (ძირითადად, რეგიონებიდან ჩამოსულმა) საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო და დისტანციურად სწავლისა და გამოცდების ჩაბარების უფლება მოითხოვა, რადგანაც ბინების ქირაობის ფასი საგრძნობლად გაიზარდა და ისინი ვეღარ ახერხებდნენ საცხოვრებლის დაქირავებას.
10 ივნისს სტუდენტების ჯგუფი სასწავლებლის რექტორის კაბინეტში შეიჭრა, ერთი მხრივ, მასთან შეხვედრის და, მეორე მხრივ, მისი გადადგომის მოთხოვნით. მაშინ სტუდენტებმა მიაღწიეს დაპირებას, რომ სასწავლებლის ბიუჯეტის დაგეგმარებაში მონაწილეობას დაინტერესებული სტუდენტებიც მიიღებენ.
პროტესტი არ შეწყვეტილა მას შემდეგაც, როდესაც უმაღლესმა სასწავლებელმა გაითვალისწინა სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონებში – ქუთაისსა და ახალციხეში დამატებითი საგამოცდო ცენტრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0