თსუ-ის რექტორის არჩევნები სტუდენტების პროტესტის ფონზე ტარდება

© photo: Sputnik / Stringerთსუ-ის პირველი კორპუსი
თსუ-ის პირველი კორპუსი - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2022
გამოწერა
თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილი რექტორი გიორგი შარვაშიძე 7 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგა.
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) რექტორის არჩევნები სტუდენტთა ნაწილის საპროტესტო აქციის ფონზე ტარდება.
ამ დროისათვის ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. რექტორის თანამდებობაზე მხოლოდ ერთი კანდიდატი – რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშიაა წარდგენილი. „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ განცხადებით, რექტორის არჩევის პროცესი არადემოკრატიულია, რამდენადაც რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო და არა მთლიანი პროფესურა.

გასულ ღამეს სტუდენტებმა საარჩევნო დარბაზის კარის ბლოკირება სცადეს. სტუდენტების თქმით, მათ უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გიორგი გორაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

რამდენიმე თვის განმავლობაში „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წევრებს ჰქონდათ ორი მოთხოვნა – რექტორის არჩევნების წესის შეცვლა და სტუდენტების საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფა. საერთო საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მიზნით პროცესები უკვე დაიწყო და მშენებლობა მიმდინარეობს, რასაც სტუდენტური მოძრაობა მიესალმება.
სტუდენტური მოძრაობის წევრის საბა ბულისკერიას თქმით, რექტორის არჩევის პროცედურის საკითხთან დაკავშირებით სტუდენტები სამუშიას გუშინ შეხვდნენ და მიიღეს პირობა, რომ ამ საკითხზე მუშაობა დაიწყება.
„თუ არჩევნების პროცედურა შეიცვლება, შემდეგი არჩევნები ჩატარდება სრულუფლებიანი პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობით და არა მხოლოდ აკადემიური საბჭოს წევრების მონაწილეობით“, – განაცხადა ბულისკერიამ ჟურნალისტებთან.
თავის მხრივ, აკადემიური საბჭო ირწმუნება, რომ სწორედ სამუშია შეძლებს უნივერსიტეტში პრობლემების გადაჭრას.
განათლების სამინისტრო სტუდენტების საცხოვრებლის საკითხის უმოკლეს ვადებში გადაჭრას აპირებს>>>
„ბატონ ჯაბას მიერ წარმოდგენილი პროგრამა ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში პრობლემების მოგვარებას და უნივერსიტეტის შემდგომ განვითარებას. ბატონმა ჯაბამ კარგად იცის, რა ხდება უნივერსიტეტში და რა აზიანებს უნივერსიტეტს, რადგანაც იგი აქ დიდი ხანია მუშაობს“, – განაცხადა აკადემიური საბჭოს წევრმა მიხეილ ბახტაძემ.
პროფესორი ჯაბა სამუშია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით 6 თვემდე ვადით მიმდინარე წლის ოქტომბერში აირჩია. არჩევნები მაშინაც სტუდენტების პროტესტის ფონზე გაიმართა.
თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილი რექტორი გიორგი შარვაშიძე 7 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგა. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე განაცხადი მხოლოდ ერთმა კანდიდატმა – ჯაბა სამუშიამ შეიტანა.
მიმდინარე წლის მაისში უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა (ძირითადად, რეგიონებიდან ჩამოსულმა) საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო და დისტანციურად სწავლისა და გამოცდების ჩაბარების უფლება მოითხოვა, რადგანაც ბინების ქირაობის ფასი საგრძნობლად გაიზარდა და ისინი ვეღარ ახერხებდნენ საცხოვრებლის დაქირავებას.
თსუ-ის სტუდენტების ნაწილი საპროტესტო აქციებს აანონსებს>>>
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ სტუდენტებს სესიის დისტანციურად ჩაბარების უფლებაზე უარი უთხრა, რადგან ეს მათი ცოდნის შეფასების უსამართლო ფორმად მიიჩნია.
10 ივნისს სტუდენტების ჯგუფი სასწავლებლის რექტორის კაბინეტში შეიჭრა, ერთი მხრივ, მასთან შეხვედრის და, მეორე მხრივ, მისი გადადგომის მოთხოვნით. მაშინ სტუდენტებმა მიაღწიეს დაპირებას, რომ სასწავლებლის ბიუჯეტის დაგეგმარებაში მონაწილეობას დაინტერესებული სტუდენტებიც მიიღებენ.
პროტესტი არ შეწყვეტილა მას შემდეგაც, როდესაც უმაღლესმა სასწავლებელმა გაითვალისწინა სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონებში - ქუთაისსა და ახალციხეში დამატებითი საგამოცდო ცენტრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ სტუდენტებს, ვისთვისაც დედაქალაქში გაჩერება გარკვეულ სირთულეს წარმოადგენდა, შესაძლებლობა მიეცათ ფინალური გამოცდების პერიოდში ერთი თვის ვადით საერთო საცხოვრებელში უფასოდ ეცხოვრათ.
ყველა ახალი ამბავი
0