მძღოლების საყურადღებოდ! საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringer„საცობი“ თბილისის ქუჩებში
„საცობი“ თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2022
გამოწერა
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ახალი ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს, 27 დეკემბრიდან ამოქმედდა.
ცვლილებების თანახმად, მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბება 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს; ხოლო იმ მძღოლისთვის ჯარიმა, ვინც რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ახორციელებს, 400 ლარი იქნება.
წლის განმავლობაში განმეორებითი დარღვევა ასევე 400 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. ხოლო თუ სიჩქარის გადაჭარბებას სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ასევე ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, ჯარიმა 600 ლარი იქნება.
ასევე გაიზარდა ჯარიმები მანქანის სანომრე ნიშნის და რეგისტრაციის გარეშე ავტომობილის მართვისთვის. მაგალითად, ისეთი ავტომობილის მართვა, რომელსაც მხოლოდ ერთი სანომრე ნიშანი აქვს, ან ნომერი საქარე მინაზე აქვს, 100-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს, ხოლო თუ ავტომობილი არის საერთოდ სანომრე ნიშნის გარეშე ან შეცვლილი სანომრე ნიშნით, ჯარიმა 2 ათას ლარს შეადგენს.
დაურეგისტრირებელი ავტომობილის მართვა 300 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს, ჩამოწერილი ავტომობილის – 2 ათას ლარიანს. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმები, შესაბამისად, 600 და 2,5 ათას ლარამდე გაიზრდება.
დაკარგული ან დაზიანებული მართვის მოწმობის გამოყენება კანონიერად გაცემულ მართვის მოწმობასთან ერთად, ან ძალადაკარგული მართვის მოწმობის გამოყენება, ასევე მართვის მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შესახებ ცრუ ინფორმაციის წარდგენა 150-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.
საქართველოში დრიფტი ოფიციალურად აიკრძალა >>
ცრუ ინფორმაციის წარდგენა სხვა პირის მართვის მოწმობის გამოყენების მიზნით მძღოლს 700 ლარი დაუჯდება.
გარდა ამისა, დაბურული მინების მქონე ავტომობილის მართვა 100 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს თუ დაბურვის დონე 1-10%-ით აღემატება დასაშვებ ნორმას, თუ დაბურვა ნორმას 10%-ზე მეტით სცდება, ჯარიმა 500 ლარს შეადგენს. განმეორებითი დარღვევა 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
შსს-ს წესების გვერდის ავლით ციმციმა, ხმოვანი სიგნალის ან დინამიკების გამოყენება პირველადი დარღვევის შემთხვევაში ისჯება 2 ათას ლარიანი ჯარიმით, წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში – 2,5 ათასი ლარით.
1000-ლარიან ჯარიმას გადაიხდიან მძღოლები, რომლებიც მონაწილეობენ გზის ორგანიზებულ გადაკეტვაში ან ავტომობილების ჯგუფურ მოძრაობაში, რომელიც შემხვედრ ზოლსაც იკავებს.
ლიცენზიის გარეშე სპორტული ავტომობილის მართვა ჯარიმას გამოიწვევს>>
შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების დარღვევა, ასევე პრიორიტეტული ან ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა 100 ლარიანი ჯარიმით ისჯება.
კანონმდებლობის დარღვევით მგზავრების გადაყვანა ან ტვირთების გადაზიდვა ასევე 100-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.
ხოლო მსხვილგაბარიტიანი ტრანსპორტის გამოყენება უფლებამოსილ ორგანოებთან შეთანხმების გარეშე ან თანხლების გარეშე 1000 ლარიანი ჯარიმით ისჯება, ხოლო თუ ამ დარღვევამ გამოიწვია ტვირთის, გზის საფარის ან საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ჯარიმა 2000 ლარს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0