ღარიბაშვილი: საქართველოში წამება და ტანჯვა აღარ დაბრუნდება

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2022
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება 10 წელია მუშაობს მსჯავრდებულთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი სარჩელების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, რაც მიუთითებს ქვეყანაში ხელისუფლების ჰუმანურ პოლიტიკაზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ 2012 წელს მაშინ ხელისუფლებაში მყოფი, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩაანაცვლა და მართვის სადავეები ხელში აიღო.

„ჩვენი სახელმწიფო მაქსიმალურად ზრუნავს მსჯავრდებულებზე და ეს ჩვენი ჰუმანური პოლიტიკის ხელწერაა. თუ წინა მთავრობის დროს ევროპული სასამართლო საქართველოს წინააღმდეგ განიხილავდა ათასობით განაცხადს, ეს იყო 3-4 ათასი განაცხადი, 2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ განიხილება 138 საჩივარი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება 10 წელია მუშაობს მსჯავრდებულთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, რათა წარსულის გამეორება არ დაუშვას.
„ეს არის რადიკალური ცვლილება, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მოახდინა 10 წელიწადში. ამიტომ ეს წამება და ტანჯვა ქვეყანაში აღარასოდეს დაბრუნდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება მზად არის მიიღოს ახალი „პატიმრობის კოდექსი“ და ჩაატაროს პრობაციის სისტემის რეფორმა.
2022 წლის 1 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 9.692 მსჯავრდებული იმყოფება.
„ციხის სკანდალი“ საქართველოში
2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში „ციხის სკანდალი“ მოხდა. იგი გლდანის ციხეში პატიმართა წამების საქმის გახსნის და ამ საქმესთან დაკავშირებით სამი თანამშრომლის დაკავების შესახებ შსს-ს განცხადებით დაიწყო. იმავე ღამეს სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებაში პატიმართა ცემისა და დამცირების ამსახველი აუდიოჩანაწერები ორმა ტელეარხმა გაასაჯაროვა. დაიწყო საპროტესტო აქციები, რის შემდეგაც ხელისუფლებამ აღიარა, რომ პატიმართა წამება სისტემურ ხასიათს ატარებდა.
მაშინ ამ ფაქტორმა არჩევნების შედეგებზე, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი ითამაშა. 2012 წლის არჩევნები მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებით და ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლით დასრულდა.
ამჟამინდელი მონაცემებით, პატიმრების წამების საქმესთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიცემულია საპატიმრო დაწესებულებების 72 თანამშრომელი, მათ შორის პენიტენციური დაწესებულების რვა დირექტორი და შვიდი დირექტორის მოადგილე.
ყველა ახალი ამბავი
0