ქართველმა დეპუტატებმა CNN ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევაში დაადანაშაულეს

© photo: Sputnik / Stringerსოზარ სუბარი
სოზარ სუბარი - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2022
გამოწერა
CNN-მა თავის სიუჟეტში კომფორტულ პირობებში მყოფი სააკაშვილი წარმოადგინა, როგორ წამებული, ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. CNN-ის მთელი სიუჟეტი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილზე ცალმხრივია და ფეიკებით სავსე, ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
სიუჟეტში საუბარი იყო სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც ერთწლიანი პატიმრობის პერიოდში დამძიმდა. წამყვანის თქმით, ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე ცდილობს სასამართლოზე დაამტკიცოს, რომ ის მოწამლულია – ტესტმა ორგანიზმში მძიმე ლითონები აჩვენა, და რომ ამის უკან რუსული მხარე დგას. სიუჟეტში არის ასევე აუდიოჩანაწერი, რომელშიც სააკაშვილი თავის ამერიკელ ადვოკატს მასიმო დ’ანჯელოს ციხის თანამშრომლების მხრიდან სასტიკ მოპყრობაზე უყვება.

„გუშინ „ფრი მიშას“ სპეცოპერაციას 11-წუთიანი გადაცემა CNN-ზეც კი მიუძღვნეს. მთელი გადაცემა ფეიკებით ისე იყო გაჯერებული, რომ „მთავარ არხსა“ და „ტვ პირველსაც“ კი შეშურდებოდათ. გადაცემაში საწინააღმდეგო აზრის გახმოვანება აზრადაც არ მოსვლიათ, რაც ელემენტარული ჟურნალისტური სტანდარტის უხეში დარღვევაა“, – ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ CNN-მა თავის სიუჟეტში კომფორტულ პირობებში მყოფი სააკაშვილი წარმოადგინა, როგორც წამებული.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სწორედ ამერიკაში გაყალბდა დასკვნა სააკაშვილის ე.წ. მოწამვლის შესახებ. მარტივი მანიპულაცია, რომელიც ახალი ფეიკკამპანიის აგორების მიზნით განხორციელდა, მათივე დოკუმენტებიდან მარტივად გაიშიფრა“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ხალხის ძალა“ აღნიშნავს, რომ მწვავე კითხვებზე პასუხები უკვე გასცა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. მალხაზ ურთქმელიძემ მსჯავრდებულ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ საუბრებს აბსურდი უწოდა. მისი თქმით, ექს-პრეზიდენტის გამოკვლევის შედეგებზე სამედიცინო დასკვნაში ნახსენები ნივთიერებები დასაშვებ ნორმებზეც კი დაბალია.
სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი ერთ კვირაში გაიმართება>>
„ხალხის ძალის“ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ახალი ფეიკი შემოიტანა მაკკეინის ამერიკულმა ინსტიტუტმა, რაც აქამდე არავის გაუკეთებია.
„კერძოდ, ინსტიტუტმა სააკაშვილის პატიმრობის კანონიერებაშიც კი შეიტანა ეჭვი და მას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთა, მის მიერ გირგვლიანი მკვლელების შეწყალება და გელაშვილის წამების შეკვეთა იმდენად ცხადი დანაშაულებია, რომ აქამდე სააკაშვილის პატიმრობის უკანონობაზე ლაპარაკს არავინ კადრულობდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საზოგადოებრივი მოძრაობა აცხადებს, რომ „ამერიკული სპეცოპერაცია გლობალური „ომის პარტიის“ რიგითი აგენტის გადასარჩენად კულმინაციას აღწევს“. ამერიკულ რესურსებთან ერთად ამაში ჩართული არიან „ევროპული, უკრაინული და მოლდოვური აგენტოკრატიის წარმომადგენლები“.

„გამომდინარე იქიდან, რომ ამ სპეცოპერაციის ერთადერთი მიზანი „ნაცმოძრაობის“ გაცოცხლება, რადიკალიზმის გაღვივება, ხელისუფლების გადატრიალება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა, აუცილებელია, ხელისუფლების ყველა შტომ ზეწოლას სათანადოდ უპასუხოს და სპეცოპერაციის წარმატებით განხორციელების საშუალება არავის მისცეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
„ეს დასასრულის დასაწყისია": დეპუტატი „ნაცმოძრაობის" გეგმებზე>>
„ქართული ოცნების“ განცხადებით, უცხოური მასმედია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ლობისტური კომპანია დაიქირავა. სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომ ეს არა ლობისტური, არამედ იურიდიული კომპანიაა.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტების განცხადებებს მმართველ პარტიაში მკვეთრი შეფასება მოჰყვა>>
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0