ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა

© Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის სახლი
მთავრობის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2022
გამოწერა
ღირსეული კანდიდატის შესარჩევად სპეციალური კომისია შეიქმნა.
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის მეთაურის 22 დეკემბრის ბრძანებით ასევე შეიქმნა საკონკურსო კომისია. კომისიის შემადგენლობაში შედიან მთავრობის, პარლამენტის, უზენაესი სასამართლოს, გენერალური პროკურორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები.

„ბრძანების თანახმად, კანდიდატების შესარჩევი კონკურსის გამოცხადებიდან ერთი კვირის ვადაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს საკონკურსო კომისიის წევრობის კანდიდატები უნდა წარედგინოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის პირობების, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო განცხადების წარდგენის ვადისა და წესის შესახებ საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე საკონკურსო კომისიის პირველი სხდომის გამართვიდან ერთი კვირის ვადაში გამოქვეყნდება.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის კანდიდატს სპეციალური საკონკურსო კომისია შეარჩევს და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი 6 წლის ვადით დანიშნავს.
ბიუროს ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა. იგი ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას. ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.
გარდა ამისა, ქვეყანაში ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით შეიქმნება აგრეთვე უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭო, რომელიც შეიმუშავებს წინადადებებს ანტიკორუფციული სტრატეგიის შესაქმნელად და მისი განხორციელების გეგმას, ასევე გასცემს რეკომენდაციებს ანტიკორუფციული ბიუროსთვის.
პარლამენტმა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას მხარი დაუჭირა>>
უწყებათშორისი საბჭოს შემადგენლობას საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს და მასში შევლენ საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.
კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება ერთ-ერთია იმ 12 რეკომენდაციას შორის, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0