პარლამენტმა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას მხარი დაუჭირა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2022
გამოწერა
კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება ერთ-ერთია იმ 12 რეკომენდაციას შორის, რომლებიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს
თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები თანმდევ კანონპროექტებთან ერთად მესამე მოსმენით განიხილა. ცვლილებებს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა.
საკანონმდებლო პაკეტი, რომელშიც 27 კანონპროექტი შედის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, იცვლება კანონის არსებული სახელწოდება და, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის ნაცვლად, იქნება კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ”.
მისი თქმით, ცვლილებების თანახმად, შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც საქმიანობას განახორციელებს დამოუკიდებლად.
ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ვალდებული იქნება, შეუქმნას მას საქმიანობის სათანადო პირობები. ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.
ბიუროს ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა. იგი ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას. ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებს დანიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი 6 წლის ვადით. ხელმძღვანელის კანდიდატს აირჩევს სპეციალური საკონკურსო კომისია, ხოლო დანიშნავს პრემიერ-მინისტრი.
კომისიაში, მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლების გარდა, შევლენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, გენერალური პროკურორის მოადგილე, სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის მიერ არჩეული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
გარდა ამისა, ქვეყანაში ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით შეიქმნება აგრეთვე უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭო, რომელიც შეიმუშავებს წინადადებებს ანტიკორუფციული სტრატეგიის შესაქმნელად და მისი განხორციელების გეგმას, ასევე გასცემს რეკომენდაციებს ანტიკორუფციული ბიუროსთვის.
უწყებათშორისი საბჭოს შემადგენლობას საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს და მასში შევლენ საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.
კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება ერთ-ერთია იმ 12 რეკომენდაციას შორის, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად.
ყველა ახალი ამბავი
0