საქართველო და საუდის არაბეთი კავშირის გასაღრმავებლად ერთობლივ სამუშაო ჯგუფებს შექმნიან

© Government of Georgiaსაქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრე, პრინცი მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი
საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრე, პრინცი მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2022
გამოწერა
მხარეები განიხილავენ თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტურიზმი, სამოქალაქო ავიაცია, საზღვაო ტრანსპორტი, ენერგეტიკა, უძრავი ქონება, სამთო-მომპოვებელი მრეწველობა და სხვ.
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოსა და საუდის არაბეთის პრემიერ-მინისტრებმა სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნა გადაწყვიტეს, რომლებიც წელიწადში ორჯერ უშუალოდ პრემიერს ჩააბარებენ ანგარიშს პრაქტიკული შედეგების მისაღებად.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა. დავითაშვილი ერ-რიადში იმყოფება ქართული დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.

„ეს არის ყველაზე დიდი ეკონომიკა და მას გააჩნია საკმაოდ დიდი ინტერესი და შესაძლებლობა, რომ საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით. ვისაუბრეთ სხვადასხვა სექტორულ მიმართულებებზე, ისეთი, როგორიც არის ენერგეტიკა, ვაჭრობა, და ამ მიმართულებითაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავითაშვილმა.

საქართველოს პრემიერის საუდის არაბეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დავითაშვილი ამ ქვეყნის ეკონომიკისა და დაგეგმვის მინისტრს ფაისალ ალ იბრაჰიმს შეხვდა.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ტურიზმი, სამოქალაქო ავიაცია, საზღვაო ტრანსპორტი, ენერგეტიკა, უძრავი ქონება, სამთო-მომპოვებელი მრეწველობა და სხვ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ, მიუხედავად ბოლო დროს ორმხრივი ეკონომიკური კავშირების განვითარების ტენდენციისა, არის დიდი პოტენციალი, რომელსაც ორივე ქვეყნისთვის ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ერთობლივი ეკონომიკური კომისიის შექმნის საკითხი დააყენა, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.
ტრანზიტი, ტურიზმი, ინვესტიციები: რა საკითხები განიხილა ღარიბაშვილმა საუდის არაბეთში>>
ასევე განიხილეს თანამშრომლობა მრავალმხრივ რეგიონულ ფორმატში. მათ შორის აღინიშნა კონსულტაციების დაწყების მნიშვნელობა არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე.
მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში. დავითაშვილმა კოლეგას წარუდგინა განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების წახალისების სამთავრობო სქემა, რომელიც მიმართულია ინვესტიციების მოზიდვაზე სამშენებლო სფეროში და ახალი გენერირებადი სიმძლავრეების ექსპლუატაციაში შესვლაზე.
მისი თქმით, საქართველოს განახლებადი ენერგიის წყაროების მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, რომელთა გამოყენება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
მან ასევე ყურადღება მიაქცია შავი ზღვის ენერგოკაბელის მეგაპროექტს, რომელიც ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დააკავშირებს.
მინისტრი: ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის ელექტროკაბელი საქართველოს ევროკავშირთან დააახლოებს>>
შეხვედრაზე დადებითი შეფასება მისცეს თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში, რაც სტატისტიკური მონაცემებითაც დასტურდება. 2022 წლის 11 თვეში საუდის არაბეთიდან საქართველოს დაახლოებით 117,2 ათასი სტუმარი ეწვია, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ასევე საქართველოსა და საუდის არაბეთის ქალაქებს შორის ავიამიმოსვლის გაზრდას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს თანამშრომლობას ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის 1994 წლის 27 მაისს დამყარდა. 2014 წელს ერ-რიადში საქართველოს საელჩო გაიხსნა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0