ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა

© photo: Sputnik / Stringerტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2022
გამოწერა
საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 2022 წლის 10 თვეში 2,8 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. მიმდინარე წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მიზნით სხვადასხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეთანხმებებს მიაღწია, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, მემორანდუმები გაფორმდა შვეიცარიის კონფედერაციის, ხორვატიის და ბუტანის შესაბამის ტურიზმის ორგანიზაციებთან, ასევე ინიცირებულია შეთანხმებები ბულგარეთის, ურუგვაის, ბოლივიის, კოლუმბიის, დომინიკის რესპუბლიკისა და ომანის ორგანიზაციებთან.
წელსვე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იტალიაში გლობალურ ახალგაზრდულ სამიტში მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველოს სახელით სვანეთის რეგიონში, უშგულში მცხოვრები 17 წლის გიდი გიორგი ქოჩქიანი იყო წარდგენილი.
პანდემიის შემდგომ პერიოდში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტულია ტურიზმის სწრაფი აღდგენა და კერძო სექტორის ხელშეწყობა, ნათქვამია განცხადებაში.
ამ მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით UNWTO-ს აკადემიამ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის თემატური სემინარები გამართა.
წელსვე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ორი ახალი პროექტი წამოიწყო.
USAID-ის მიერ დაფინანსებული „საქართველოს ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების“ (HICD) აქტივობის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის ორგანიზაციული შეფასების პროგრამა დაინიცირდა, რომელიც გულისხმობს ორგანიზაციის მიერ დაკისრებული ვალდებულებების და სტრატეგიული მიზნების მიღწევის ხელშეწყობას.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და გაეროს განვითარების ფონდს (UNDP) შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) ახალი პროექტი, რომლის ფარგლებში მოხდება საინფორმაციო ცენტრების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

ვითარება ტურიზმის სფეროში

ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. ტურიზმის აღორძინება 2021 წელს დაიწყო – 1 თებერვლიდან გაიხსნა საჰაერო სივრცე, 1 ივნისიდან – სახმელეთო საზღვრები.
არსებული სტატისტიკით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი 2022 წლის იანვარი–ოქტომბერში 188,5%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 4,4 მლნ შეადგინა. საქართველომ 2022 წლის 10 თვეში 2019 წლის მაჩვენებელი 54,8%-ით აღადგინა.
ეროვნული ბანკი: საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან 3 მლრდ დოლარს მიუახლოვდა >>
საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 2022 წლის 10 თვეში 2,8 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 184,4%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გარდა ამისა, შემოსავლებმა 2022 წლის 10 თვეში 5,7%-ით გადააჭარბა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, როდესაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების პიკი იყო.
საქართველოს რეკორდული წარმატება ჰქონდა 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მაგრამ პანდემიის გამო ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.
რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რიცხვი ხუთჯერ გაიზარდა >>
2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მლნ ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, ხოლო ტურიზმის შემოსავლებმა 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.
წყარო - მთავრობის ადმინისტრაცია
ყველა ახალი ამბავი
0