სააკაშვილის ვიდეოკადრებს საგამოძიებო სამსახური შეისწავლის

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2022
გამოწერა
საკითხით უკვე დაინტერესდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პალატიდან ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით სააკაშვილის ადვოკატებმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სარჩელი შეიტანეს.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვიდეოკადრები 14 დეკემბერს გაავრცელა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან. კადრებიდან ასევე ჩანს, რომ თუ ოქტომბერში სააკაშვილი დამოუკიდებლად გადაადგილდებოდა, დეკემბერში უკვე საყრდენს იყენებს.
ის, რომ სააკაშვილის დაცვის მხარემ საგამოძიებო სამსახურს მიმართა, ჟურნალისტებს ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ აცნობა. კომენტარი მან „ვივამედის“ კლინიკაში შესვლამდე გააკეთა. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი 12 მაისიდან სამოქალაქო კლინიკაში იმყოფება.

„არის ეჭვი, რომ მაგ ვიდეოებში ხმაც ისმის, რომელიც ვითომ გადახაზულია. ეს ყველაფერი უნდა გამოიძიონ და სიხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

საკითხით უკვე დაინტერესდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. სახალხო დამცველის აპარატმაც, თავის მხრივ, მოუწოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, რაც შეიძლება მალე იქნას შესწავლილი გასაჯაროებული ვიდეოკადრები და მოხდეს მათზე რეაგირება.
ვიდეოკადრების გამოქვეყნებამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, თუ სააკაშვილი არ შეწყვეტს სიმულანტობას, სამინისტრო იძულებული იქნება, გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანს, როგორ უშლის ექს-პრეზიდენტი ხელს ექიმებსა და სასამართლოს მუშაობაში.
დისკრედიტაცია თუ სიმულაცია? პოლიტიკოსები სააკაშვილთან დაკავშირებულ ვიდეოკადრებს აფასებენ>>>
სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები აცხადებენ, რომ იგი სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საკითხზე 14 დეკემბერს დაგეგმილი სასამართლო პროცესი 22 დეკემბრამდე გადაიდო. სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით ექს-პრეზიდენტის ადვოკატებმა 1 დეკემბერს მიმართეს.
„ყოველდღე უფრო და უფრო იკლებს წონაში, წოლის რეჟიმშია და სულ პატარა მოძრაობის კეთებაც უჭირს. აქვს სიცხეები“, – განაცხადა ჟურნალისტებთან სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ, რომელმაც ექს-პრეზიდენტი დღეს მოინახულა.
დაცვის მხარის არგუმენტები
სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის დასკვნაში ნათქვამია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა და ამ ეტაპზე ფასდება როგორც „მძიმე“. ხოლო მიმდინარე მკურნალობა შედეგს არ იძლევა.
აქედან გამომდინარე, ექსპერტები დაჟინებით მოითხოვენ მსჯავრდებულისთვის სასჯელის გაუქმებას ან გადავადებას, რათა ექს-პრეზიდენტმა მისთვის საჭირო მკურნალობა საზღვარგარეთ გაიაროს.
ექიმების ჯგუფის დასკვნით, სააკაშვილმა 42 კგ დაიკლო. 2021 წლის ოქტომბერში ის 115 კგ-ს იწონიდა. მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ასეთი სისწრაფით კლებისას კრიტიკული სხეულის მასის ინდექსი მიღწეული იქნება 2-3 თვეში, რის შემდეგაც „დაიწყება ორგანოთა სისტემების შეუქცევადი დაზიანება“.
სააკაშვილს ასევე აღენიშნება კუნთოვანი მასის შემცირება, მოძრაობის შეზღუდვა, ენერგეტიკული გამოფიტვა, კიდურებში მგრძნობიარობის დარღვევა, ცხელება, კოგნიტური გაუარესება (მეხსიერების გაუარესება, ქცევის შეცვლა), პოსტტრავმული სტრესული დარღვევის სინდრომი, ნათქვამია 7 დეკემბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში.
ხმაური პარლამენტში: ოპოზიციამ იუსტიციის მინისტრს საპროტესტო აქცია მოუწყო>>>
თავის მხრივ, ცენტრმა „ემპათიამ“ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა 1 დეკემბერს გამოაქვეყნა. 194-გვერდიან დოკუმენტზე ათი ქართველი და ექვსი უცხოელი სპეციალისტი მუშაობდა.
ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ექს-პრეზიდენტს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზები, დაკავშირებული ნეიროფსიქიკურ, გასტრო-ენტეროლოგიურ, ასევე საყრდენ-მამოძრავებელ სისტემებთან. აგრეთვე პრობლემები მხედველობის მხრივ, დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების, ძვლების ტკივილი.
ჯიშკარიანის თქმით, სააკაშვილს მთელ სხეულზე აღენიშნება ნაკაწრები – ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგს.
უფრო მეტიც, თმის ტოქსიკოლოგიურმა ექსპერტიზამ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე ლითონები გამოავლინა, რომლებიც შეიძლება ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი იყოს. თავად სააკაშვილმა მისი შესაძლო მოწამვლის შესახებ განცხადებებს სპეკულაცია უწოდა.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
დაბრუნება და დაკავება
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0