ვისაც არ მოგწონთ, გაასაჩივრეთ - ბრეგაძე სააკაშვილის კადრების გამოქვეყნებაზე

© Parliament of Georgiaრატი ბრეგაძე
რატი ბრეგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2022
გამოწერა
სააკაშვილის ადვოკატებმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში საჩივარი უკვე შეიტანეს. ისინი ვიდეოს გამოქვეყნების კანონიერების შესწავლას მოითხოვენ.
თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. იუსტიციის სამინისტრო, როდესაც გამოაქვეყნა ვიდეოკადრები პალატიდან, სადაც საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მკურნალობს, ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობით ხელმძღვანელობდა, მაგრამ ვინც უკმაყოფილოა, ამ ფაქტის გასაჩივრება ყოველთვის შეუძლია, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვიდეო 14 დეკემბერს გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან. კადრებიდან ასევე ჩანს, რომ თუ ოქტომბერში სააკაშვილი დამოუკიდებლად გადაადგილდებოდა, დეკემბერში უკვე საყრდენს იყენებს.

„თუ ვინმეს ეს არ მოგწონთ, არსებობს შესაბამისი გზები, რაც გაწერილია საქართველოს კანონმდებლობაში და შეგიძლიათ მიმართოთ“, – განაცხადა ბრეგაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ხელმძღვანელობდა პრინციპით, რომ „არავის მისცემს უფლებას, სახელმწიფო თავდაყიდა დააყენოს“.
ამავე დროს, იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ კადრების გამოქვეყნებისას სახელმწიფო ხელმძღვანელობდა კანონით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით.
„ამ გადაწყვეტილების მიღებისას დაცული იყო თანაზომიერების პრინციპი. მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის შემთხვევაში საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით მღელვარების გამოწვევა საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. სწორედ ამის ასარიდებლად მოხდა კადრების გასაჯაროება“, – განაცხადა ბრეგაძემ.
სააკაშვილის ვიდეოკადრებს საგამოძიებო სამსახური შეისწავლის>>
სააკაშვილის ადვოკატებმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში საჩივარი უკვე შეიტანეს. ისინი მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის პალატაში გადაღებული ვიდეოს გამოქვეყნების კანონიერების შესწავლას მოითხოვენ.
საკითხით უკვე დაინტერესდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. თავის მხრივ, სახალხო დამცველის აპარატმაც მოუწოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, რაც შეიძლება მალე იქნას შესწავლილი გასაჯაროებული ვიდეოკადრები და მოხდეს მათზე რეაგირება.
დისკრედიტაცია თუ სიმულაცია? პოლიტიკოსები სააკაშვილთან დაკავშირებულ ვიდეოკადრებს აფასებენ>>
სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები აცხადებენ, რომ იგი სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი 22 დეკემბერს დაიგეგმა.
„ყოველდღე უფრო და უფრო იკლებს წონაში, წოლის რეჟიმშია და სულ პატარა მოძრაობის კეთებაც უჭირს. აქვს სიცხეები“, – განაცხადა ჟურნალისტებთან სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ, რომელმაც ექს-პრეზიდენტი პარასკევს მოინახულა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0