სააკაშვილის სასამართლო სხდომა ისევ გადაიდო

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მომხრეების აქცია სასამართლოსთან
სააკაშვილის მომხრეების აქცია სასამართლოსთან - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2022
გამოწერა
დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხი უნდა განეხილა.
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადახედვის შესახებ სხდომა გადადო.
სხდომა 22 დეკემბრის 11:00 საათზე დაინიშნა.
მსჯავრდებული სააკაშვილი 12 მაისიდან სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. მას ჯანმრთელობის პრობლემები 50-დღიანი შიმშილობის მერე დაეწყო, რომელიც დაკავების დღეს, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
სააკაშვილი სასამართლოში არ გამოცხადდა, ისევე, როგორც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. პროცესები მის სამ საქმეზე უკვე ბევრჯერ გადაიდო.
კლინიკა „ვივამედიდან“ მოსამართლისთვის გაგზავნილი წერილის თანახმად, ექიმები სააკაშვილის ტრანსპორტირებას არამიზანშეწონილად მიიჩნევენ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულის დისტანციურად ჩართვას ელოდებოდნენ, მაგრამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილს სასამართლო სხდომაში დისტანციურად მონაწილეობაზე უარი უთხრა და აღნიშნა, რომ „პენიტენციური სამსახური ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას, მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა უზრუნველყოს“.
სააკაშვილს სასამართლო სხდომაში დისტანციურად მონაწილეობაზე უარი უთხრეს>>
ამასთან ერთად მოსამართლემ დააკმაყოფილა სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობა, რომელმაც დაცვის მხარისთვის ექს-პრეზიდენტის პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის დღიდან, ანუ 1 ოქტომბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით ვიდეოჩანაწერების წარდგენა მოითხოვა.
როგორც ხაჭაპურიძემ განმარტა, ვიდეოჩანაწერები დაცვას იმისთვის სჭირდება, რომ ისინი ექსპერტებს გააცნონ.
ხაჭაპურიძემ სასამართლოზე განაცხადა, რომ სააკაშვილმა რამდენჯერმე დაკარგა გონება. ეს იყო 18 ნოემბერს, 5 მაისს, 25 მაისს, 4 ოქტომბერს. მისი თქმით, ეს იმისთვის სჭირდებათ, რომ გაამყარონ თავიანთი პოზიცია და დაადასტურონ ის, რაც ექსპერტების დასკვნაშია ნათქვამი.
სააკაშვილის ადვოკატებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საკითხზე შუამდგომლობით სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს.
სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის დასკვნაში ნათქვამია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა და ამ ეტაპზე ფასდება როგორც „მძიმე“. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, მიმდინარე მკურნალობა შედეგს არ იძლევა.
იუსტიციის სამინისტრო მზად არის გამოაქვეყნოს სააკაშვილის სიმულაციის მტკიცებულებები>>
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0