იუსტიციის სამინისტრო მზად არის გამოაქვეყნოს სააკაშვილის სიმულაციის მტკიცებულებები

© Ministry of Justice of Georgiaრატი ბრეგაძე
რატი ბრეგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2022
გამოწერა
უწყებას ხელთ აქვს კადრები, სადაც ჩანს, როგორ უშლის სააკაშვილი ექიმების საქმიანობას, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 13 დეკემბერი - Sputnik. თუ იუსტიციის სამინისტრო საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პროვოკაციების შედეგად დაინახავს საფრთხეს, რომელიც დაემუქრება სახელმწიფოს ან ხალხის უსაფრთხოებას, ის ​​გამოაქვეყნებს მისი სიმულაციის მტკიცებულებებს, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
მსჯავრდებული სააკაშვილი 12 მაისიდან სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. მისი ჯანმრთელობის პრობლემები 50-დღიანი შიმშილობის მერე დაიწყო, რომელიც 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
„გარკვეული სიმულაციები შეგვიძლია ვიხილოთ. ამას აქვს თავისი დამადასტურებელი მასალა, მათ შორის ვიდეომასალა. შემიძლია, ეს დაგიდასტუროთ. ასევე, გვაქვს გარკვეული მტკიცებულება იმის შესახებ, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ეს ადამიანი ხელს უშლიდა, მათ შორის, ექიმების საქმიანობას და ასევე, კონკრეტულად, ხელს უშლიდა სასამართლოს საქმიანობას“, - განაცხადა ბრეგაძემ.
ამასთან მინისტრმა განმარტა, რა შემთხვევაში მოხდება მასალების გამოქვეყნება.
„მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რასაც ჰქვია ქართველი ხალხის უსაფრთხოება, სახელმწიფოს უსაფრთხოება, ასევე საქართველოს საერთაშორისო იმიჯი, იმის დადასტურება, რომ სახელმწიფოში არავის აწამებენ და საქართველოსგან არ უნდა შეიქმნას მტრის ხატი, თუ არ შეწყდება ეს სიმულაციური ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლოზე ზეწოლას... ჩვენ იძულებული გავხდებით, გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები“, - განაცხადა ბრეგაძემ.
მისი თქმით, მაშინ საზოგადოება სიმართლეს იხილავს.
ადვოკატი: სააკაშვილმა კუჭის ოპერაცია საქართველოში ჩამოსვლამდე გაიკეთა >>
„ოპონენტი მიმართავს ყველა შესაძლო ბინძურ ხერხს იმისთვის, რომ სასამართლო პროცესს შეეშალოს ხელი და საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს არასწორი წარმოდგენა. ამის ნათელი დასტურია ის, რომ როდესაც ისინი საუბრობენ დასკვნის კონფიდენციალურობაზე, მეორე ხელით აქვეყნებენ ისეთ ფოტოებს და საუბრის ჩანაწერებს, რომელიც ცალმხრივად ხელს უწყობს არასწორი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას“, - აცხადებს რატი ბრეგაძე.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სააკაშვილი თვითდაზიანებას მიმართავს.
„ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს თვითდაზიანებას, რომ უფრო მეტად გართულდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის სანაცვლოდაც უნდა იყოს მოპოვებული თავისუფლება“, - განაცხადა ბრეგაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს სააკაშვილის უფლებების უზრუნველსაყოფად, მაგრამ სააკაშვილი მანიპულაციებით არის დაკავებული.
„ეს არის მანიპულაციური ხასიათის კამპანია, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ და მიზნად ისახავს საქართველოს იმიჯის შელახვას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა ბრეგაძემ.
მისი თქმით, ასეთი კომპანიის ნაწილია ის, რომ ადვოკატებმა წამება უწოდეს სააკაშვილისთვის ელექტროსიგარეტზე წვდომის აკრძალვას.
„მას შეეზღუდა ელექტროსიგარეტზე წვდომა იმიტომ, რომ მოიხმარდა ძალიან დიდი ოდენობით. ადვოკატი ამბობს, რომ სიგარეტის შეზღუდვა ადამიანისთვის, რომელიც იმყოფება საავადმყოფოში და ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, ეს ყოფილა წამება. როგორი სიმართლეც შეიძლება იყოს განცხადებები, თითქოს სიგარეტის შეზღუდვა ავადმყოფი ადამიანისთვის წამებაა, ისეთივე სიმართლეა მთლიანად ის სურათი, რომლის წარმოდგენასაც ისინი დღეს ცდილობენ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მიმდინარე წლის 7 დეკემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმების ჯგუფმა დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ სააკაშვილმა 42 კილოგრამი დაიკლო. 2021 წლის ოქტომბერში იგი 115 კილოგრამს იწონიდა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პაციენტის მდგომარეობა პროგრესულად უარესდება. წონის კლება ბოლო თვეებში აჩქარდა. მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ასეთი სისწრაფით კლებისას კრიტიკული სხეულის მასის ინდექსი მიღწეული იქნება 2-3 თვეში, რის შემდეგაც „დაიწყება ორგანოთა სისტემების შეუქცევადი დაზიანება“.
სააკაშვილს ასევე აღენიშნება კუნთოვანი მასის შემცირება, მოძრაობის შეზღუდვა, ენერგეტიკული გამოფიტვა, კიდურებში მგრძნობიარობის დარღვევა, ცხელება, კოგნიტური გაუარესება (მეხსიერების გაუარესება, ქცევის შეცვლა), პოსტტრავმატული სტრესული დარღვევის სინდრომი.
სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს სასჯელის გაუქმების ან გადავადების შუამდგომლობით 1 დეკემბერს მიმართეს. ამ სარჩელის განსახილველად 9 დეკემბერს ჩანიშნული სასამართლო სხდომა 14 დეკემბრისთვის გადაიდო.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0