ადვოკატი: სააკაშვილმა კუჭის ოპერაცია საქართველოში ჩამოსვლამდე გაიკეთა

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2022
გამოწერა
მსჯავრდებულ სააკაშვილის უფლებადამცველის თქმით, მედიკოსები ექს-პრეზიდენტის წონის კლებას აღნიშნულ ოპერაციას არ უკავშირებენ.
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კუჭის ოპერაცია 2021 წელს, სამშობლოში დაბრუნებამდე ჩაიტარა, განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა ილია ლომიამ ჟურნალისტებთან.
როგორც ადრე პარტია „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, საქართველოში ჩამოსვლამდ ერთი თვით ადრე სააკაშვილმა ავსტრიის ერთ-ერთ კლინიკაში კუჭის რეზექცია გაიკეთა. აღნიშნულ ოპერაციას წონაში კლებისთვის იტარებენ.

„სააკაშვილს ოპერაცია ჩატარებული აქვს. დეტალებზე ვისაუბრებთ 14 დეკემბერს სასამართლო განხილვის პროცესში. მან ოპერაცია საქართველოში ჩამოსვლამდე გაიკეთა. რასთან არის ეს დაკავშირებული, გაჟღერდება ჩვენს შუამდგომლობაში. როგორც სამედიცინო დოკუმენტებშია ნათქვამი, მისი წონაში დაკლება ამ ოპერაციას არ უკავშირდება“, – განაცხადა ლომიამ.

ადვოკატის თქმით, არსებობს უამრავი ფაქტორი, რომელიც სასამართლო სხდომაზე დასახელდება.
„ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ არც „ვივამედი“ (კლინიკა, სადაც მსჯავრდებული სააკაშვილია მოთავსებული) და არც ის ექიმ-ექსპერტები, რომლებმაც ჩაატარეს როგორც ინსტრუმენტული, ისე ლაბორატორიული გამოკვლევები, წონის კლებას ოპერაციას არ უკავშირებენ”, – განაცხადა ლომიამ.
მსჯავრდებული სააკაშვილი 12 მაისიდან სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. მისი ჯანმრთელობის პრობლემები 50-დღიანი შიმშილობის მერე დაიწყო, რომელიც 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
მიმდინარე წლის 7 დეკემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმების ჯგუფმა დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ სააკაშვილმა 42 კილოგრამი დაიკლო. 2021 წლის ოქტომბერში იგი 115 კილოგრამს იწონიდა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პაციენტის მდგომარეობა პროგრესულად უარესდება. წონის კლება ბოლო თვეებში აჩქარდა. მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ასეთი სისწრაფით კლებისას კრიტიკული სხეულის მასის ინდექსი მიღწეული იქნება 2-3 თვეში, რის შემდეგაც „დაიწყება ორგანოთა სისტემების შეუქცევადი დაზიანება“.
„ყველა ბერკეტი სასამართლოს ხელშია" - წულუკიანი სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე>>>
სააკაშვილს ასევე აღენიშნება კუნთოვანი მასის შემცირება, მოძრაობის შეზღუდვა, ენერგეტიკული გამოფიტვა, კიდურებში მგრძნობიარობის დარღვევა, ცხელება, კოგნიტური გაუარესება (მეხსიერების გაუარესება, ქცევის შეცვლა), პოსტტრავმატული სტრესული დარღვევის სინდრომი.
სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს სასჯელის გაუქმების ან გადავადების შუამდგომლობით 1 დეკემბერს მიმართეს. ამ სარჩელის განსახილველად 9 დეკემბერს ჩანიშნული სასამართლო სხდომა 14 დეკემბრისთვის გადაიდო.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0