„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს" - ელისაშვილი პრემიერის ინიციატივას მიესალმება

© photo: Sputnik / Stringerალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2022
გამოწერა
დეპუტატის თქმით, ყველა ჯანმრთელი ახალგაზრდა გაივლის საბრძოლო მომზადებას და ეს არის აუცილებელი.
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. ყველა ახალგაზრდამ უნდა გაიაროს ელემენტარული ტაქტიკური მომზადება და იცოდეს იარაღთან მოპყრობა, განაცხადა ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.
თავდაცვის ძალების გასაძლიერებლად აუცილებელია, რომ ყველა ახალგაზრდას გავლილი ჰქონდეს საბრძოლო მომზადება.
როგორც გუშინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან.
პრემიერის თქმით, შეიქმნება ეფექტური სისტემა, რომელიც ექვსი, რვა და თერთმეტთვიანი პროგრამებისგან იქნება შედგენილი. პროექტის რეალიზაციას 80 მლნ ლარზე მეტი დასჭირდება. პროგრამა 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ბოლოს და ბოლოს, გაიღვიძა მთავრობამ და მიხვდა, რომ იცვლება ჩვენ გარშემო ყველაფერი და არ შეიძლება, რომ გაწვევა სავალდებულო არ იყოს... აღდგება სავალდებულო სამხედრო სამსახური, მაგრამ არ იქნება არანაირი ყარაულები, არანაირი დაცვის პოლიციაში წაყვანა, არანაირი ჭიშკართან ატუზული ბავშვები და საპატიმროების ე.წ. კოშკურებზე“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, ყველა ჯანმრთელი ახალგაზრდა გაივლის საბრძოლო მომზადებას და ეს არის აუცილებელი.
„ამით უნდა გაძლიერდეს ჩვენი თავდაცვის ძალები და ყველა ახალგაზრდამ ოფლი უნდა ღვაროს ქვეყნის სამსახურში, უნდა იცოდეს იარაღთან მოპყრობა და ელემენტარული ტაქტიკური მომზადება უნდა ჰქონდეს გავლილი“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ყველა, ვინც 18 წლის გახდება, ჯარში წავა და რამდენიმეთვიან საბრძოლო მომზადებას მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის ძალებში გაივლის.
„საბრძოლო მომზადებას აუცილებლად ყველა გაივლის ბატალიონის დონეზე. ეს კარგია, აქ იქნებიან ყველა პროფესიის წარმომადგენლები. არ იქნება არანაირი დათქმები, არანაირი ,,გირჩის“ ცნობებით თავის დაძვრენა, რაც თავისთავად დიდი მავნებლობა იყო“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება მარტივი აღარ იქნება - კანონში ხარვეზი აღმოიფხვრება>>>
როგორც ადრე ღარიბაშვილმა განაცხადა, აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი, რომლის გამოც საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიოს ოფიციალურად დარეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების წევრები.
საუბარია ორგანიზაციაზე „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება“, რომელიც ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ლიდერებმა დაარეგისტრირეს 2017 წლის აპრილში. როგორც მაშინ ოპოზიციონერებმა განმარტეს, რომლებიც ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ გამოდიან, მათ ახალგაზრდების ჯარისგან გათავისუფლების ლეგალურ ხერხს მიაგნეს.
საქართველოში მხოლოდ ერთი ორგანიზაციის მეშვეობით წელს სამხედრო სამსახურს თავი 12 ათასმა ადამიანმა აარიდა, განაცხადა უფრო ადრე თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მინისტრმა არ დაასახელა ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს სამსახურისგან თავის არიდებაში ეხმარება. არაა გამორიცხული, რომ საუბარია სწორედ ორგანიზაცია „ბიბლიურ თავისუფლებაზე“.
ქართული კანონმდებლობით, სამხედრო სამსახურში გაწვევა შეიძლება გადავადდეს, თუ ადამიანი არის სასულიერო პირი.
მინისტრის თქმით, ამჟამად საქართველოში სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ბევრი ლეგალური საშუალებაა. თუმცა ეს აუცილებლად შეიცვლება, განაცხადა ბურჭულაძემ.
ყველა ახალი ამბავი
0