„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“: საქართველოს მთავრობასთან სასამართლო არ დასრულებულა

© courtesy of Anaklia Portადგილი, სადაც ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს
ადგილი, სადაც ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2022
გამოწერა
ბრალდებები მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ მთავრობამ ინვესტორი ვერ იპოვა, ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას საერთაშორისო არბიტრაჟში მტკიცებულების სახით თავისი სასარგებლოდ გამოიყენებს, ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკრიტიკა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ იმის გამო, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო და აღნიშნა, რომ ახალი ინვესტორის პირობებში სახელმწიფო პორტის აქციების 51%-ის მფლობელი იქნება.
„გვინდა პრემიერ-მინისტრს შევახსენოთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის მიმდინარეობს საარბიტრაჟო დავა ჟენევის საერთაშორისო სავაჭრო პალატაში. მას მოუწევს პასუხისგება ყველა ცრუ განცხადებაზე“, - ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში.
კომპანიის მონაცემებით, პორტის მშენებლობაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ 75 მლნ დოლარი შეადგინა, საიდანაც 40 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს ყოფილმა ბანკირებმა, ახლა კი პოლიტიკოსებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ.
პრემიერის განცხადებით კი, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, TBC Bank-ის და კონსორციუმის დამფუძნებლებმა ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პორტის მშენებლობაში 3 მლნ დოლარი დააბანდეს, დანარჩენი თანხები კი (დაახლოებით 20-25 მლნ დოლარი) მოიზიდეს ინვესტორებისგან.
ღარიბაშვილი: პორტების განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია >>
კონსორციუმი დარწმუნებულია, რომ მისი მისამართით გამოთქმული ბრალდებები მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ მთავრობამ ინვესტორი ვერ იპოვა.
„სავსებით ნათელია, რომ მთავრობამ ვერ შეძლო სათანადო ინვესტორის ან პორტის ოპერატორის მოძიება, რომელსაც სურს განახორციელოს ეს პროექტი მიმდინარე საარბიტრაჟო დავის ფონზე და პოლიტიზებული ქართული სასამართლო სისტემის პირობებში, რომლის რეფორმირებაც მთავრობამ ვერ შეძლო“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან კონსორციუმი აღნიშნავს, რომ კომპანია ანაკლიის პორტთან დაკავშირებული იურიდიული დავის მოგვარებას მოლაპარაკებების გზით ცდილობდა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და მისი აქციონერებისთვის არბიტრაჟის დაწყება იყო უკანასკნელი საშუალება, რაზე წასვლაც აიძულა მთავრობის მტკიცე წინააღმდეგობამ, რომ ADC-ს მისცემოდა ინვესტორებისა და ბანკებისგან პროექტის დაფინანსების მოპოვებისა და მისი მშენებლობის დასრულების საშუალება. საარბიტრაჟო საქმეში ზიანის ანაზღაურების შესახებ ADC-ის მოთხოვნა აუცილებელია იმისათვის, რომ დაიცვას თავისი და მისი აქციონერების კანონიერი უფლებები“, - ნათქვამია განცხადებაში.
ანაკლიის პორტი
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რომლებიც მალე შეჩერდა.
მთავრობამ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების დაჩქარება გადაწყვიტა>>
თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი". „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი" დააფუძნეს „თიბისი ჰოლდინგმა" და კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0