ღარიბაშვილი: პორტების განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2022
გამოწერა
ბოლო დროს ინტერესი ქართული დერეფნის მიმართ დღითი დღე იზრდება, დიდი ტვირთნაკადი მოდის აზიის ქვეყნებიდან, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. ფოთის პორტის გაფართოება, დამატებითი ინვესტიციები ბათუმის ნავსადგურში, ასევე ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, საქართველოში პორტების განვითარება და გაფართოება მნიშვნელოვანია ქართული დერეფნის გავლით მზარდი ტვირთნაკადის ფონზე.

„პორტების განვითარება - ჩვენი მთავარი პრიორიტეტია... ჩვენი სურვილია ფოთის პორტიც გაფართოვდეს. დამატებითი ინვესტიციები უნდა გაკეთდეს ბათუმში და აშენდეს ანაკლიის ახალი პორტი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერის ინფორმაციით, ადრე ქართულმა კომპანია Pace Group-მა 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ააშენა ახალი ტერმინალები ფოთის პორტში, მაგრამ იქ საჭიროა დამატებითი ინვესტიციების განხორციელება.
„რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრთან ერთად შევხვდი ფოთის პორტის მმართველებსა და მფლობელებს. მინდოდა საჯაროდ დამედასტურებინა მათდამი ჩემი მხარდაჭერა“, – აღნიშნა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო დროს ინტერესი ქართული დერეფნისადმი დღითი დღე იზრდება, დიდი ტვირთნაკადი მოდის აზიის ქვეყნებიდან. არის ჩინეთიდან, იაპონიიდან, სხვა ქვეყნებიდან ტვირთების შემოსვლაზე მოთხოვნილება, ამიტომ ქვეყანა მზად უნდა იყოს ყველა მიმართულებით.

„ეს ჩვენი გაცხადებული მიზანია. მინდა ჩემი სრული მხარდაჭერა გამოვხატო ყველა ინვესტორის მიმართ, რომელიც პორტებში სახსრებს დააბანდებს“, – აღნიშნა მან.

საქართველოში ამჟამად ორი – ბათუმის და ფოთის ნავსადგური მუშაობს. ტვირთის ძირითადი ნაკადი ფოთის პორტით გადის. ამ პორტის მინუსი მისი სიღრმეა – ამჟამად ნავსადგურს არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
სწორედ ამიტომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. როგორც ადრე ითქვა, პირველი ფაზის რეალიზაციის შემდეგ პორტი წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს.
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მონაწილეობას მიიღებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში და მისი თანამფლობელი იქნება.
„რაც შეეხება ანაკლიის ნავსადგურს, აქ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მთავარი ბერკეტი და ჩვენი ქვეყანა იქნება პორტის 51%-ის მფლობელი“, – აღნიშნა პრემიერმა.
ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, მაგრამ პროექტი შეჩერდა. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ გაწყვიტა კონტრაქტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“, რადგან ინვესტორმა ვერ შეასრულა ფინანსური ვალდებულებები. მას შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ახალ ინვესტორს ეძებს.
ყველა ახალი ამბავი
0