მთავრობამ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების დაჩქარება გადაწყვიტა

© photo: Sputnik / Stringerშავი ზღვის კურორტი ანაკლია. ხიდი და სანაპირო ტერიტორია
შავი ზღვის კურორტი ანაკლია. ხიდი და სანაპირო ტერიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
გამოწერა
საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო.
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის სამინისტროს და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტოს უფლება მისცა, გამოაცხადონ ინტერესთა გამოხატვა პორტის აშენების მსურველი ინვესტორის შერჩევასთან დაკავშირებით, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე.
კანონმდებლობა ითვალისწინებს რამდენიმე ეტაპს: პროექტის იდენტიფიცირება, ინიცირება, მომზადება, კერძო პარტნიორის შერჩევა, განხორციელება და პროექტის განხორციელების შემდგომი შეფასება.

„ჩვენი შეფასებით, იდენტიფიცირების და ინიცირების ეტაპები გავლილია. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია მაქსიმალურად მოკლე დროში პროექტის განსახორციელებლად დავაჩქაროთ პროცესი და პირდაპირ დაიწყოს კერძო პარტნიორების შერჩევის ეტაპიდან“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

შერჩევის პირობების მაღალ დონეზე მომზადების უზრუნველსაყოფად მთავრობის გადაწყვეტილებით ეკონომიკის სამინისტროს მიეცა საშუალება დაექირავებინა მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი.
მინისტრის თქმით, მაღალი დონის საპროექტო სამუშაოები უკვე ჩატარდა, მათ შორის, ცნობილი ჰოლანდიური კომპანია MTBS-ის მიერ. მსოფლიოში არსებული ახალი გარემოებებისა და პროცესების გათვალისწინებით, კომპანიამ განაახლა მანამდე არსებული კვლევები, მოამზადა კვლევა საქართველოს საპორტო სექტორის შესახებ და ასევე რეკომენდაციები.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, პროექტის წარმატებული განხორციელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

„გვინდა გვქონდეს თანამედროვე საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებას ემსახურება, ქვეყნის ინტერესებს ემსახურება და რომელიც ტვირთნაკადს საქართველოს დერეფანში კიდევ უფრო გაზრდის“, – განაცხადა დავითაშვილმა.

საუკუნის პროექტი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამ დროისთვის მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალე შეჩერდა.
თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი". „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი" დააფუძნეს „თი-ბი-სი ჰოლდინგმა" და კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამიტომ მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.
უკვე 2020 წლის ზაფხულში კონსორციუმმა პროექტის ერთ-ერთ უცხოელ ინვესტორთან ბობ მაიერთან ერთად შეიტანა სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დამოუკიდებელ საარბიტრაჟო სასამართლოებში მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური ზარალის ანაზღაურებისა და შეწყვეტილი ხელშეკრულების აღდგენის მოთხოვნით.
საქართველოს ხელისუფლებამ პროექტი არ მიატოვა და მის განხორციელებას პრიორიტეტად მიიჩნევს, ამიტომ საარბიტრაჟო დავების გადაწყვეტის პარალელურად ანაკლიის განვითარებისა და პორტის მშენებლობის შესახებ არაერთი დამატებითი კვლევა ჩაატარა.
ყველა ახალი ამბავი
0