„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება

© photo: Sputnik / Stringer„ნაცმოძრაობის“ ოფისი
„ნაცმოძრაობის“ ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2022
გამოწერა
ამჟამად „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის – ნიკა მელიას მომხრეებსა და „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი უდგანან
თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება, ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფიამ განაცხადა, იუწყება „პირველი არხი“.
ამჟამად „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის – ამჟამინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრეებსა და რადიკალური ნაბიჯების მომხრე „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი უდგანან. ხაბეიშვილი და მელია პარტიის თავმჯდომარეობისთვის იბრძვიან.
მისივე თქმით, ამ საკითხზე პოლიტსაბჭოს წევრების მხრიდან სრული მხარდაჭერა იყო. ამასთან, კობა ნაყოფიას ინფორმაციით, არჩევნები ე.წ. ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება.
„გადაწყვეტილება მიღებული იქნა „ბლოკჩეინის“ სასარგებლოდ, რომელიც წარმოადგინა ნიკა მელიას ჯგუფმა. რაც შეეხება თარიღს, შემოვედი ინიციატივით, რომ არჩევნების ჩატარების თარიღად დასახელებული ყოფილიყო 2023 წლის 28-29 იანვარი. ამ საკითხზეც სრული მხარდაჭერა იყო. არც ერთი წინააღმდეგი, პოლიტსაბჭომ სრული მხარდაჭერით მიიღო ეს წინადადება და არჩევნების დღედ განისაზღვრა 28-29 იანვარი“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ.
მისი თქმით, კანდიდატთა რეგისტრაცია შეწყდება სამშაბათს, საღამოს ექვს საათზე. ჩამოყალიბდა საარჩევნო კომისიის შემადგენლობა, რომელიც შედგება პოლიტსაბჭოს ხუთი წევრისგან და თითოეულ კანდიდატს ექნება კომისიის თითო წევრის დანიშვნის შესაძლებლობა.
გარდა ამისა, კობა ნაყოფიამ აღნიშნა, რომ პარტიაში დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს „ნაციონალურ მოძრაობას“.
რისთვის მიმდინარეობს ბრძოლა „ნაცმოძრაობაში“: მმართველმა პარტიამ საიდუმლო ამოხსნა >>
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
„ავანსცენაზე უნდა იყვნენ“ - ნიკა მელია მერაბიშვილსა და კეზერაშვილზე >>
ამასთან, ნიკა მელია, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ყველა ახალი ამბავი
0