რატი ბრეგაძე: ოპოზიცია სააკაშვილის ჯანმრთელობის მონაცემებით მანიპულირებს

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2022
გამოწერა
ჩვენ ვხედავთ პოლიტიკოსებს, რომლებიც საუბრობენ მსჯავრდებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და აკეთებენ საკუთარ შეფასებებს, აღნიშნა მინისტრმა.
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. რადიკალური ოპოზიცია ცდილობს გამოიყენოს საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც შეუფერებელია როგორც მორალური, ისე ეთიკური თვალსაზრისით, განაცხადა ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
ხელისუფლება ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, ასევე რამდენიმე პოლიტიკურ ძალას, რომელიც მათთან თანამშრომლობენ, რადიკალურ ოპოზიციად მიიჩნევს.

„სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს, რათა მისი ჯანმრთელობის უფლება სრულად იყოს რეალიზებული. სახელმწიფოს მხრიდან ის ყოველთვის იღებდა შესაბამის და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას როგორც უშუალოდ პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე მე-18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში... ზოგადად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოპოზიცია, უფრო სწორად რადიკალური ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, ყოველთვის ცდილობს ეს პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენოს“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მინისტრმა მოიშველია სააკაშვილის ადვოკატის განცხადება, რომ დასკვნა იქნებოდა კონფიდენციალური და არავის ექნებოდა მასზე წვდომა. თუმცა, როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, პოლიტიკოსები საუბრობენ მსჯავრდებულ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და საკუთარ შეფასებებს აკეთებენ.

„ვფიქრობ, ეს მართებული არ არის, ასევე არც ბოლომდე მორალური და ეთიკურია, როდესაც ეს ადამიანები ცდილობენ, კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

მორალი არსებობს პოლიტიკაშიც, არსებობს წითელი ხაზები, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას, აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
სააკაშვილი თავისი ჯანმრთელობით სპეკულირებს - დეპუტატი >>
„სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ხშირ შემთხვევაში მსგავსი ნაბიჯები მაინც იდგმება, ირღვევა ეს წითელი ხაზები, პირველ რიგში, ადამიანური და მორალური“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მისი დაცვის ქვეშ მყოფის სხვა კლინიკაში გადაყვანა არ გამორიცხა. 1 დეკემბერს ხაჭაპურიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობით მიმართა.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა - ადვოკატი >>
1 დეკემბერს ფსიქო–რეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათიამ“ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა. 194-გვერდიან დოკუმენტზე ათი ქართველი და ექვსი უცხოელი სპეციალისტი მუშაობდა.
ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ექს-პრეზიდენტს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზები, დაკავშირებული ნეიროფსიქიკურ, გასტრო-ენტეროლოგიურ, ასევე საყრდენ-მამოძრავებელ სისტემებთან. აგრეთვე პრობლემები მხედველობის მხრივ, დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების, ძვლების ტკივილი.
ჯიშკარიანის თქმით, სააკაშვილს მთელ სხეულზე აღენიშნება ნაკაწრები – ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგს.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0