პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ხუთი პირი დააკავა

დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2022
გამოწერა
დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ხუთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 33-დან 55 წლამდეა, წარსულში ნასამართლევი პირები არიან. ორი პირი „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით, სამი პირი კი „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის არიან დაკავებული.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ორმა პირმა ერთმანეთში არსებული ფინანსური დავის მოსაგვარებლად „ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართეს.
თბილისსა და რეგიონებში „ქურდები ააგდეს“>>>
„ქურდული სამყაროს“ წევრები დანაშაულებრივ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდნენ და მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე მოდავე მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და საქმეების თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ. გარდა ამისა, აღნიშნული პირები გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ.
„ქურდული სამყაროს“ წევრებმა ერთ-ერთ მოდავე მხარეს სადავო თანხის გაორმაგებული რაოდენობით გადახდა დააკისრეს, რომელიც 2023 წლის 6 მარტამდე სრულად უნდა დაეფარა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჯანმრთელობის ხელყოფით დაემუქრნენ.
პოლიციამ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები.
„ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0