თბილისსა და რეგიონებში „ქურდები ააგდეს“

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2022
გამოწერა
დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ოთხი პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ ორ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
აღნიშნული პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში, ქვემო ქართლის, სამეგრელო–ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონებში დააკავეს. მათგან სამი წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია.
საზღვარგარეთ მყოფ ორ პირს, მათ შორის, „კანონიერ ქურდს“, მეტსახელად „ბონჩოს“ ბრალად ედება ე.წ. კანონიერი ქურდობა, "ქურდული სამყაროს" წევრობა", „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვა.
გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით დაკავებული პირები აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელებაში, პირადი სარგებლის მიღების მიზნით ერთვებოდნენ მოქალაქეთა და „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფ პირებს შორის წარმოშობილი პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების მოგვარებაში და მათი „ქურდული წესებით“ გადაწყვეტაში. ისინი უკავშირდებოდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებს, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს", მათ შორის მინდია ლავასოღლის, ასლან ქობულაძეს, მეტსახელად „ბაბუს" და მათგან მითითებებს იღებდნენ.
უწყების ცნობით, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი „ბონჩო" ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მართავდა და ორგანიზებას უწევდა საქართველოში მცხოვრებ „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერი პირების ქმედებებს. აღნიშნული პირების მეშვეობით იგი უკავშირდებოდა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომლისგანაც ბრალდებულები ქართველი ბიზნესმენისგან სესხის სახით გამორთმეული თანხის – 55 ათასი ლარის გამოძალვას მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და ე.წ. ქურდული გარჩევის გზით ცდილობდნენ.
„კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს" წევრობის, „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 223-ე მესამე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 181-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0