პარლამენტმა შშმ პირთა სოციალური პაკეტის ინდექსაციის წესს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2022
გამოწერა
სოციალური პაკეტის გაზრდა, ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით, დაახლოებით 132 ათას პირს შეეხება.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 82 ხმით მხარი დაუჭირა „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ინდექსაციას ითვალისწინებს.
ცვლილებები სოციალურ პაკეტზე იმავე პრინციპით განხორციელდება, რაც ვრცელდება პენსიონერებისთვის 2021 წლიდან.

„ამით ჩამოყალიბდება სოციალური პაკეტის ზრდის მდგრადი მექანიზმი, რაც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის/ბავშვებისთვის სიღარიბის პრევენციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ.

მისი თქმით, ყველა კატეგორიის შშმ პირთათვის სოციალური პაკეტის გაზრდის მიზნით 2023 წლის ბიუჯეტში დამატებით უკვე გათვალისწინებულია 73 მლნ ლარი.
როგორც თამილა ბარკალაიამ აღნიშნა, პროცესი ამით არ დასრულდება და სამინისტრო მუშაობას გააგრძელებს იმ მიმართულებით, რომ მომავალში კიდევ უფრო გაიზარდოს როგორც ფულადი დახმარება, ისე შეთავაზებული სერვისები, რომლებიც შშმ პირებისთვის წლიდან წლამდე კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი გახდება.
პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტს დაჩქარებული წესით იხილავს. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების, მათ შორის, შშმ ბავშვების სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება, რადგან მათთვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის ოდენობის ყოველწლიური ზრდა გარანტირებული იქნება.
ინდექსაციის წესი შშმ პირების სოციალური პაკეტის გაანგარიშებაზეც გავრცელდება>>>
კერძოდ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 65 ლარით გაიზრდება, ხოლო სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ოდენობა გაიზრდება 35 ლარით.
სოციალური პაკეტის გაზრდა, ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით, დაახლოებით 132 ათას პირს შეეხება. სოციალური პაკეტის ოდენობა 100-419 ლარის ფარგლებში მერყეობს.
თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები დაბალი იქნება, შშმ ბავშვებისთვის და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის სოციალური პაკეტი მაინც გაიზრდება მაქსიმუმ 25 ლარით, დანარჩენი მოქალაქეების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობების სხვა სტატუსით – 20 ლარით.
შშმ პირები ოთხ ჯგუფად იყოფიან: პირველი ჯგუფი – აშკარად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მეორე ჯგუფი – მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მესამე ჯგუფი – ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მეოთხე ჯგუფი – ბავშვები ზრდასრულების სამივე ჯგუფიდან.
პენსიების ინდექსაციის წესი მიმდინარე წლის 1 იანვარს ამოქმედდა და მის შესაბამისად პენსიები ყოველწლიურად გაიზრდება ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით.
ყველა ახალი ამბავი
0