პარლამენტმა მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დაწესებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

© Pixabay / Pexelsმედიკამენტები
მედიკამენტები - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2022
გამოწერა
რეფერენტული ფასი დაადგენს იმ მაქსიმალურ ზღვარს, რომლის ზემოთ მედიკამენტის გაყიდვა აიკრძალება.
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 75 ხმით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“, ნათქვამია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე.
კანონპროექტი საკანონმდებლო დონეზე რეფერენტული ფასწარმოქმნის დადგენას ითვალისწინებს.
პლენარულ სხდომაზე პროექტი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა. ის დეპუტატებს კანონპროექტის ზოგადი პრინციპების შესახებ ესაუბრა.

„ეს ცვლილებები ეხება ქვეყანაში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად რეფერენტული ფასების მექანიზმის შემოტანას. რეფერენტული ფასი ითვალისწინებს მედიკამენტების ფასზე იმ ზედა ზღვრული მაჩვენებლის დაწესებას, რის ზემოთაც ბაზარზე მედიკამენტის რეალიზაცია დაშვებული არ იქნება“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, რეფერენტული ფასების მექანიზმი აპრობირებულია ევროპის 36 ქვეყანაში, ასევე კანადაში, სამხრეთ აფრიკაში, ვიეტნამსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
„ყველა ქვეყნის გამოცდილება არის ის, რომ რეფერენტული ფასის დანერგვა გარკვეული მედიკამენტების ჯგუფზე ამცირებს მედიკამენტების ხარჯებს, მას მეტად ხელმისაწვდომს ხდის მოსახლეობისთვის“, – აღნიშნა გაბუნიამ.
მისი თქმით, ამ მექანიზმის საქართველოში გამოყენება რეკომენდებული იყო მსოფლიო ბანკისა და ჯანმოს ექსპერტების მხრიდანაც. ამჟამად მათთან მიმდინარეობს მექანიზმის სრულყოფისთვის აქტიური მუშაობა, იმ წამლების შერჩევა, რომლებზეც სიახლე პირველ ეტაპზე გავრცელდება.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, რეფერენტული ფასების დანერგვა აღსრულების მექანიზმებს საჭიროებს, ამიტომ ცვლილებები შედის სხვა მოქმედ კანონებშიც. მათ შორისაა „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის“ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონები, საქართველოს საგადასახადო კოდექსი.
რეფერენტული ფასები პირველ ეტაპზე 1–1,2 ათას მედიკამენტს შეეხება, რაც წამლებზე ფასის დაახლოებით 40%-ით შემცირების საშუალებას იძლევა.
რეფერენტული ფასები მედიკამენტებზე საქართველოში 2023 წლიდან დაწესდება. რეფორმის მთავარი მიზანია ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სამართლიანი ფასებისა და კონკურენტული და გამჭვირვალე ფარმაცევტული ბაზრის უზრუნველყოფა.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის ინიციატივით 2022 წლის მარტიდან თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, რამაც 60-80%-ით შეამცირა საქართველოში მედიკამენტების ღირებულება. შედეგად, წლიურად ქვეყნის 100 ათასამდე მოქალაქე დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე თანხას დაზოგავს.
ხელისუფლებამ მედიკამენტების გაიაფების გზას მიაგნო: კანონში ცვლილება შედის>>
ახალი წესებით აფთიაქებს მოეთხოვებათ ინფორმაციის ონლაინ წარდგენა. ჯანდაცვის სამინისტროს კი ექნება წვდომა მათ მონაცემთა ბაზებზე, რაც უწყების სპეციალისტებს მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგის საშუალებას მისცემს.
2021 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ ქვეყნის ფარმაცევტული ბაზარი მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის – მედიკამენტებზე ფასების რეგულირებას.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0