თამბაქოს სტანდარტული შეფუთვა: ჯანმო მოუწოდებს საქართველოს, არ გადადოს კანონის ამოქმედება

© Pixabay / DesignCoonმოწევის აკრძალვის ნიშანი
მოწევის აკრძალვის ნიშანი - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2022
გამოწერა
ჯანმოში მიიჩნევენ – საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის მნიშვნელოვანია, რომ თამბაქოს მოხმარების წესები გეგმის მიხედვით ამოქმედდეს.
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) წარმომადგენლობა საქართველოში ქვეყნის პარლამენტს მოუწოდებს, სიგარეტის სტანდარტული შეფუთვის შესახებ კანონის ნორმის ამოქმედება არ გადაავადოს 2024 წლამდე, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ინიციატივას, რომელიც თამბაქოს სტანდარტული შეფუთვის შესახებ ნორმის ამოქმედების 2024 წლამდე გადადებას ითვალისწინებს. მანამდე ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა. ჯანმო ხელისუფლებას მოუწოდებს, აამოქმედოს ეს ნორმა 2023 წლის 1 იანვრიდან – როგორც ამას კანონის ამჟამად მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის მნიშვნელოვანია თამბაქოს მოხმარების წესების გეგმის მიხედვით ამოქმედება.

„ეს კანონმდებლობა ძალაში 2018 წელს უნდა შესულიყო, თუმცა მიმდინარე წლის ბოლომდე გადაიდო. ამჟამად საქართველოს პარლამენტში წარდგენილია საკანონმდებლო ინიციატივა მისი კვლავ გადავადების შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს ამ ინიციატივას“, – ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტმა 2017 წელს მიიღო ძლიერი კანონმდებლობა, რაც მიმართულია თამბაქოს მოხმარების კონტროლისკენ. მოგვიანებით ეს დარგის საერთაშორისო ექსპერტებმა აღიარეს, როგორც სანიმუშო მაგალითი.
ჯანმო აგრეთვე აღნიშნავს, რომ ამ კანონის ამოქმედებისა და თამბაქოს საწინააღმდეგო სხვა წარმატებული წესების დანერგვის შემდეგ კვლევებმა მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენა.
კანონმდებლობა სიგარეტის კოლოფის სტანდარტული შეფუთვის შესახებ ერთ-ერთი მძლავრი წესია, რომლის მეშვეობითაც თამბაქოს ნაწარმი თავის მომხიბვლელობას კარგავს, აღნიშნავენ ჯანმოში.
პარლამენტმა თამბაქოს საწინააღმდეგო წესების ამოქმედება 2024 წლამდე გადაავადა>>
„იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერადაც საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს სადა შეფუთვის რეგულაციის გადავადებას, და უზრუნველყოფს მის ამოქმედებას 2023 წლის დასაწყისიდან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს დღევანდელი და მომავალი თაობების ჯანმრთელობის დაცვას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ახალი ნორმები, რომლებიც არეგულირებს თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის რეალიზაციას ან დახლებზე განთავსებას, მოქმედი კანონის თანახმად, 2022 წლის 31 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს.
უფრო ადრე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში განაცხადეს, რომ თარიღის გადადება კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, რადიკალური დანაკარგების გარეშე მოახდინონ თავიანთი წარმოების ადაპტირება არსებულ რეალობასთან, თავიდან აიცილონ უკანონო ვაჭრობა, ბაზარზე გაზრდილი კონტრაბანდული პროდუქციის გამოჩენა, ლეგალური პროდუქციის გაყიდვების შემცირება და ბიუჯეტის შემოსავლების დამატებითი დეფიციტი.
რას გულისხმობს შეფუთვის ერთიანი სტანდარტი
ახალი სტანდარტების მიხედვით, დახლებზე თამბაქოს ნაწარმი გაიყიდება შეფუთვით, რომელზეც სახელმწიფო ენაზე იქნება დატანილი ბრენდის სახელი, მწარმოებლის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ასევე მწარმოებელი ქვეყანა.
ამასთან, ბრენდის დასახელება არ უნდა აღემატებოდეს „14“-იან შრიფტს, ხოლო მწარმოებლის მონაცემები – „10“-იან შრიფტს. მთელი დასახელება უნდა განთავსდეს ერთ ხაზზე და მხოლოდ ორ ადგილზე მთელ შეფუთვაზე.
ასევე კოლოფზე იქნება მითითებული სიგარეტის ღერების რაოდენობა და მახასიათებელი ქართულ ენაზე – „ფილტრით“ ან „უფილტრო“. ასევე ყველა შეფუთვა იქნება მუყაოს ან მუქი ფერის ქაღალდის, დეკორატიული ელემენტების გარეშე, შეფუთვაში ჩასმული ფოლგა იქნება ვერცხლისფერი, ნიშნების გარეშე და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სიგარეტის კონტეინერად.
პარლამენტი VS ჯანდაცვის სამინისტრო: როგორი შეფუთვით გაიყიდება თამბაქო ახალი წლიდან>>
თავად შეფუთვა იქნება მინიმუმ 64 მმ სიმაღლის, 40 მმ სიგანის და მინიმუმ 10 მმ სისქის. თითოეულ კოლოფში უნდა იყოს 20 ღერი სიგარეტი.
სიგარეტის ღერები იქნება სრულიად თეთრი, ყოველგვარი ნიშნების გარეშე. ამასთან, სიგარეტზე აღარ იქნება დატანილი არანაირი ლოგოტიპი – მოწევის ზიანის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერის გარდა.
მწეველთა რაოდენობის შემცირებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ასევე მოსახლეობაში საშიში დაავადებების რაოდენობის შესამცირებლად 2017 წლიდან საქართველოში აქტიურად ტარდება თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0