ნიკა მელია: წინასაარჩევნო კამპანია სამარცხვინო სახეს იღებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2022
გამოწერა
პარტიის თავმჯდომარის თქმით, ოპონენტები იდეებითა და პროგრამებით ბრძოლას გაურკვეველი წარმომავლობის კომპრომატებით ბრძოლას ამჯობინებენ.
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატები ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე შეთანხმების ნაცვლად, გაუგებარ წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ, განაცხადა პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოლო პერიოდში ვნებათაღელვა არ ცხრება. მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის – პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრეებსა და რადიკალური ნაბიჯების მომხრე „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი უდგანან. ხაბეიშვილი და მელია პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეტენზიას გამოთქვამენ.

„საარჩევნო კამპანიასა და პერიპეტიებში გართულებს გვავიწყდება მთავარი გამოწვევა – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა. ნაცვლად იმისა, რომ ამ საკითხზე შევჯერდეთ და ერთიანი პოზიცია გვქონდეს, კანდიდატები აწარმოებენ გაურკვეველ კამპანიებს“, – დაწერა მელიამ სოციალურ ქსელში.

მან სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პროცესი ჯერ ოფიციალურად არ დაწყებულა, მაგრამ უკვე სცილდება „ნორმალური პოლიტიკური პროცესის ფარგლებს, იღებს სამარცხვინო სახეს“, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს როგორც პარტიას, ისე მთლიანად ქვეყანას.
განხეთქილება „ნაცმოძრაობაში“: ლევან ხაბეიშვილი კომპრომისისთვის მზადაა>>>
„ოპონენტები ბევრს საუბრობენ საჯაროობაზე, გამჭვირვალობასა და დემოკრატიაზე, კონცეპტუალური სვლები კი, როგორც წესი, კულისებიდან კეთდება და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს კულუარული/არაფორმალური გავლენების კვალი“, – დაწერა მელიამ.
მისი თქმით, ოპონენტები იდეებითა და პროგრამებით ბრძოლის ნაცვლად გაურკვეველი წარმომავლობის კომპრომატებით ბრძოლას ამჯობინებენ.
„თავიდანვე ვამბობდი, რომ ასეთ დროს და ასეთი ფორმით საარჩევნო მარათონის გამოცხადება, რბილად რომ ვთქვათ, უადგილო იყო, მაგრამ უკვე ახლა, არსებულ ვითარებაში არჩევნები უკვე აუცილებელია იმისთვის, რომ პარტიამ შეძლოს ერთიანი სტრატეგიის შემუშავება. ამდენად, ჩემი სურვილია რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს არჩევნები, რათა დროულად ვფოკუსირდეთ მთავარ გამოწვევაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მას არასწორად მიაჩნია ამ ტიპის საარჩევნო კამპანიის პრიორიტეტად გადაქცევა იმ დროს, როცა სააკაშვილის საკითხი უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს.

„ვთვლი, რომ საჭიროა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. სწორედ აქ უნდა ვიყოთ ერთიანები და პატივი ვცეთ ერთმანეთს... არცერთი კანდიდატი არ გამოვა გამარჯვებული ამ ბრძოლიდან, თუ ჩვენ საერთო ბრძოლას წავაგებთ!" – დაწერა მელიამ.

მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
დეპუტატი: „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურ კარიერას მძიმედ დაასრულებს>>>
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ყველა ახალი ამბავი
0