დეპუტატი: „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურ კარიერას მძიმედ დაასრულებს

© Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2022
გამოწერა
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო.
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გადაიქცა მარიონეტების უხარისხო თეატრად, რაც არ არის გასაკვირი, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოლო პერიოდში ვნებათაღელვა არ ცხრება. მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის – პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრეებსა და რადიკალური ნაბიჯების მომხრე „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი უდგანან. ხაბეიშვილი და მელია პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეტენზიას გამოთქვამენ.

„ამ პარტიაში წარმოდგენილია როგორც ოლიგარქიული და მავნებლური, ისე კლანური და არაფორმალური, ჩრდილოვანი მმართველობის ტიპები... ჩვენ საქმე გვაქვს ასეთ არაჯანსაღ დამოკიდებულებასთან... ეს პარტია ძალიან მძიმედ დაასრულებს საკუთარ პოლიტიკურ კარიერას, რაც სრულიად სამართლიანი იქნება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ორ ბანაკად არის გაყოფილი და ორივე ბანაკში ღიად საუბრობენ მესამე პირთა გავლენებზე. მეორე დაჯგუფებას ღიად დაუჭირა მხარი ვანო მერაბიშვილმა, რომელმაც ბოლო ორი წლის დუმილის შემდეგ პირველად გააკეთა პოლიტიკური განცხადება – იგი ღიად აცხადებს, რომ მხარს უჭერს ხაბეიშვილს. ამ ბანაკის მომხრეებშია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაიაც.
„ნაცმოძრაობის“ ძველი სახეების გამოჩენამ შეაშფოთა ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც სხვადასხვა საკითხში თანამშრომლობენ ენმ-თან, მათ ამის გამო თანამშრომლობის გაწყვეტაც არ გამორიცხეს.
განხეთქილების ნიშნები
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
განხეთქილება „ნაცმოძრაობაში“: ლევან ხაბეიშვილი კომპრომისისთვის მზადაა>>>
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ორ ბანაკს შორის ბრძოლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და პარტიული სიების შედგენას.
ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.
ყველა ახალი ამბავი
0