ზურაბ ჭიაბერაშვილი „ნაცმოძრაობის“ ლიდერის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

© photo: Sputnik / Stringerზურაბ ჭიაბერაშვილი (მარცხნივ)
ზურაბ ჭიაბერაშვილი (მარცხნივ) - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2022
გამოწერა
ექს-მინისტრის გადაწყვეტილება დამოკიდებულია პარტიის ქმედებებზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ გამორიცხავს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოლო პერიოდში მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის – ამჟამინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრეებსა და რადიკალური ნაბიჯების მომხრე „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი უდგანან. ამ დროისთვის ხაბეიშვილი და მელია პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან.
ჭიაბერაშვილმა დაწერა სოციალურ ქსელში, რომ არჩევნებში შესაძლო მონაწილეობა დამოკიდებულია რამდენიმე საკითხზე, მათ შორის იმაზე, თუ როგორ შეძლებს „ნაცმოძრაობა“ ორგანიზებულად იმოქმედოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, ტელეარხ „მთავარის“ გენდირექტორის, ნიკა გვარამიას და სხვა პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად.
„პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების დანიშნულებაც და მასში მონაწილეობის მიზანშეწონილობაც იმის მიხედვით უნდა შეფასდეს, რა უწყობს ხელს პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას“, - დაწერა ჭიაბერაშვილმა.
პოლიტიკოსის თქმით, მისი საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად არსებობს რესურსი, რომ საარჩევნო პროცესი პოლიტიკური დისკუსიის რეჟიმში წარიმართოს და არა „ოცნებისთვის“ დამახასიათებელი „ტალახის სროლის“ რეჟიმში.
„არ მომწონს, რა სახეც მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებმა. ამაზე წუხს არა მხოლოდ თავად „ნაციონალური მოძრაობის“ ათასობით მხარდამჭერი, არამედ ისინიც, ვისაც ესმის რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმაში ყოფნა საერთო ოპოზიციურ სიძლიერეს ნიშნავს, მისი სისუსტე - საერთო ოპოზიციურ სისუსტეს“, - დაწერა ჭიაბერაშვილმა.
მისი თქმით, მსგავს „საარჩევნო კამპანიას“ ახლავს საფრთხე იმისა, რომ არჩევნების შემდეგ შეიძლება შეუძლებელი გახდეს გამარჯვებულისა და დამარცხებულის მიერ ბრძოლის ერთად გაგრძელება ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.
განხეთქილება „ნაცმოძრაობაში“: ლევან ხაბეიშვილი კომპრომისისთვის მზადაა >>
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ექსპერტები და პოლიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ ორ ბანაკს შორის ბრძოლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და პარტიული სიების შედგენას.
ყველა ახალი ამბავი
0