ოპოზიციამ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი წარმოადგინა: დოკუმენტის დეტალები

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2022
გამოწერა
კანონპროექტი ითვალისწინებს ქართულ კანონმდებლობაში ტერმინ „ოლიგარქიული მმართველობის“ შემოღებას.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საპარლამენტო ოპოზიციურმა ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარმოადგინა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის საკუთარი ვერსია, რომელიც, ფრაქციის აზრით, პასუხობს როგორც ევროკავშირის ყველა დირექტივას, ისე ქართულ რეალობას.
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ კანონის საკუთარი ვერსია გაცილებით ადრე მოამზადა, რომელიც პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო.
ევროკავშირი: ქართული კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ უნდა შემოწმდეს>>>
კანონპროექტს, რომლის ავტორიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილია, ეწოდება „ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ“ და იგი, ტერმინ „ოლიგარქის“ განსაზღვრებასთან ერთად, ასევე ითვალისწინებს ქართულ კანონმდებლობაში ტერმინ „ოლიგარქიული მმართველობის“ შემოღებას.
ოლიგარქი ოპოზიციის განმარტებით
კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად მიიჩნევა ადამიანი, რომელიც ზეგავლენას ახდენს სახელმწიფო ორგანოებზე ან თანამდებობის პირებზე და ექვსი პუნქტიდან სამს აკმაყოფილებს:
ოლიგარქი პირდაპირ ან ირიბად ახორციელებს პოლიტიკურ საქმიანობას;
მისი ოჯახის წევრები ან მასთან დაკავშირებული პირები, ასევე მის მფლობელობაში არსებულ კომპანიებში დასაქმებული პირები იკავებენ სახელმწიფო ან პოლიტიკურ თანამდებობებს;
პირდაპირ ან ირიბად (მისი გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციის მეშვეობით) ახორციელებს მნიშვნელოვან ზეგავლენას მედიასაშუალებებზე;
წარმოადგენს საბოლოო ბენეფიციარ-მესაკუთრეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტისა, რომელიც კანონის ამოქმედების მომენტისთვის არის ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტი ან უკავია დომინანტური (მონოპოლიური) მდგომარეობა ბაზარზე კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად;
პირის ან კომპანიის მფლობელი პირის დადასტურებული აქტივები აღემატება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,35%-ს, ან მას, მისი ოჯახის წევრებს და მასთან დაკავშირებულ პირებს საკუთრებაში აქვთ საქართველოს მიწის რესურსის 7%-ზე მეტი;
ნატოს, ევროკავშირის ქვეყნებმა, სახელმწიფოთა თანამეგობრობის ან საერთაშორისო ორგანიზაციებმა მის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.
„ოლიგარქის“ პოლიტიკური მოღვაწეობა გულისხმობს არა მარტო მაღალი თანამდებობის დაკავებას სახელმწიფო უწყებებში, მთავრობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, პროკურატურაში, ეროვნულ ბანკში, მარეგულირებელ კომისიებში თუ პრემიერ-მინისტრის მიერ კონტროლირებად ორგანოებში, არამედ მონაწილეობას პარტიის დაარსებაში ან/და მის ხელმძღვანელობაში.
ამასთან, კანონპროექტის მიხედვით პოლიტიკური აქტივობა არის პირადად ან მასთან დაკავშირებული პირების მეშვეობით პარტიის დაფინანსება და საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა.
გარდა ამისა, პოლიტიკურ საქმიანობას ეკუთვნის საჯარო განცხადებები პოლიტიკური მიზნების შესახებ ან სხვა საჯარო მიმართვები, რომლებიც აყალიბებენ საზოგადოებრივ აზრს.
რა არის ოლიგარქიული მმართველობა
ინიციატივის თანახმად, ტერმინი „ოლიგარქიული მმართველობა“ უნდა მოიაზრებდეს მმართველობის ისეთ ფორმას, რომლისთვისაც დამახასიათებელია:
ერთპარტიულობა ანუ კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელება, რისთვისაც საკმარისია პარლამენტის უბრალო უმრავლესობა, სხვა პარტიების მონაწილეობის გარეშე;
ისეთ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ კონსტიტუციური პრინციპების დაცვას (ცესკოს თავმჯდომარე, სახალხო დამცველი, გენერალური პროკურორი, გენერალური აუდიტორი, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელი წევრები, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელები), დანიშვნის თაობაზე საკადრო გადაწყვეტილებების მიღება ერთპარტიული უმრავლესობის მიერ, რომელიც გამორიცხავს გადაწყვეტილებაზე კანონის ფარგლებში ოპოზიციის ან არასამთავრობო ორგანიზაციების ზეგავლენის შესაძლებლობას;
ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ხელისუფლების მიტაცებას, მმართველი ძალაუფლების ან დომინანტური პოზიციის შენარჩუნებას, ასევე კანონმდებლობის კერძო პოლიტიკური თუ სხვა ინტერესებისთვის მორგებას, მმართველი ძალისთვის ან მასთან დაკავშირებული პირებისთვის პრივილეგიების დაწესებას;
სახელმწიფო-პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების თანამდებობის პირთა მხრიდან ლოიალობა ოლიგარქისა და ოლიგარქიული მმართველობის მიმართ;
საჯარო ფინანსების მართვა კერძო პირის ინტერესების სასარგებლოდ, რომელსაც აქვს პოლიტიკური გავლენა შესაბამის გადაწყვეტილების მიმღებ კოლეგიურ ორგანოზე ან/და თანამდებობის პირზე;
ოლიგარქიული მმართველობის სისტემისთვის მისაღები ადამიანების (ოჯახის წევრები, ოლიგარქის მფლობელობაში არსებულ კომპანიებში დასაქმებული პირები) დანიშვნა სახელმწიფო პოლიტიკურ და სახელმწიფო თანამდებობებზე.
ამასთან, კანონპროექტი „ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ“ გულისხმობს „ანტიოლიგარქიული მმართველობის“ ტერმინის შემოღებას, რომელიც ითვალისწინებს: საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ პრინციპებთან შესაბამისობას, სახელმწიფო ან ადმინისტრაციული ინტერესების პირადი ინტერესებისთვის გამოყენების დაუშვებლობას; ცენტრალური ხელისუფლების მიერ ადგილობრივი ხელისუფლების ადმინისტრაციულ და ფისკალურ უფლებამოსილებაში ჩარევის აკრძალვას.
პირის ოლიგარქად აღიარება
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი ვერსიის თანახმად, პირის ოლიგარქად ცნობის გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წევრთა არანაკლებ 1/5-ის სარჩელის საფუძველზე.
პირის ოლიგარქად აღიარების შემდეგ მას „ოლიგარქების რეესტრში“ შეიყვანენ. აღნიშნულ რეესტრში მოხვდებიან ოლიგარქთან დაკავშირებული პირები.
ოლიგარქთან დაკავშირებულ პირებში იგულისხმება არა მხოლოდ ოჯახის წევრები, არამედ ოლიგარქის ყველა ნათესავი, მათ შორის რელიგიურ ნიადაგზე შეძენილი.
რეესტრში შეყვანის შემდეგ დაუშვებელია ოლიგარქის და მასთან დაკავშირებული პირების მიერ პოლიტიკური პარტიების დაფუძნება ან პოლიტიკურ საქმიანობაში პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობა, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა.
ეს ადამიანები ვალდებული იქნებიან წარადგინონ ქონებრივი დეკლარაცია, გადაიხადონ საშემოსავლო და ქონების გადასახადი მიუხედავად შემოსავლის მიღების წარმომავლობისა და ტერიტორიისა.
გარდა ამისა, მაღალი პოლიტიკური ან საჯარო თანამდებობების ყველა პირი ვალდებული იქნება რეესტრში ჩამოთვლილ პირებთან როგორც თანამდებობაზე დანიშვნამდე, ისე უფლებამოსილების პერიოდში არსებული კონტაქტების შესახებ ინფორმაცია დააფიქსირონ.
ყველა ახალი ამბავი
0