აზიის განვითარების ბანკის დახმარებით თბილისის მეტროს სადგურების გამტარუნარიანობა გაიზრდება

© FB / Tbilisi City Hall მეტროს სადგური „ახმეტელის თეატრი“
მეტროს სადგური „ახმეტელის თეატრი“ - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2022
გამოწერა
პროექტი მოიცავს თბილისის მეტროს ოთხ სადგურზე - „ახმეტელის თეატრი“, „დიდუბე“, „დელისი“, „ტექნიკური უნივერსიტეტი“ მისაწვდომობის გაზრდას.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით მიმდინარეობს პროექტი, რომელიც მოქალაქეებისთვის მეტროს სადგურების ხელმისაწვდომობას გაზრდის, განაცხადა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.
პროექტი - „ქალაქ თბილისის მეტროს სადგურების მისაწვდომობის გაზრდა და გარე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ხორციელდება ქალაქების მდგრადი განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში. პროექტის ღირებულება 16 მლნ აშშ დოლარია.

„ამჟამად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე. აღნიშნულ მომსახურებაში იგულისხმება მეტროს სადგურების განახლების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და დეტალური დიზაინის მომზადება“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, პროექტი მოიცავს თბილისის მეტროს ოთხ სადგურზე - „ახმეტელის თეატრი“, „დიდუბე“, „დელისი“, „ტექნიკური უნივერსიტეტი“ მისაწვდომობის გაზრდას; კერძოდ, დამატებითი ამოსასვლელების მოწყობას, ასევე მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მეტროს 12 სადგურისთვის. ესენია: „ღრმაღელე“, „ნაძალადევი“, „სადგურის მოედანი“, „მარჯანიშვილი“, „რუსთაველი“, „თავისუფლების მოედანი“, „300 არაგველი“, „ისანი“, „ტექნიკური უნივერსიტეტი“, „დელისი“, „დიდუბე“ და „ახმეტელის თეატრი“.
მეტროს შერჩეული სადგურები სრულად აღიჭურვება შშმ პირებისთვის.
კალაძის განცხადებით, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა გამოცხადდა 2022 წლის 6 ოქტომბერს, ხოლო ინტერესთა გამოხატვის ეტაპი დასრულდა 2022 წლის 11 ნოემბერს. ამჟამად მიმდინარეობს იმ კომპანიების შეფასება, რომლებმაც ინტერესი გამოხატეს. გადარჩეულ კომპანიებს შორის ჩატარდება კონკურსი.
EBRD საქართველოს მეტროს ათი სადგურის გარემონტებაში დაეხმარება >>
ტექნიკური და ფინანსური წინადადებების შეფასების შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი, სავარაუდოდ, 2023 წლის მაისში გაფორმდება.
„ტექნიკური დავალების თანახმად, საკონსულტაციო მომსახურების გაწევის ვადა 10 თვეა, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ამასთან, თბილისის მერმა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს პროექტების განხორციელებისას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
თბილისის მეტრო შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება >>
თბილისის მეტრო ყოველდღიურად დაახლოებით 290 ათას მგზავრს ემსახურება. თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში მგზავრების გადაყვანის მაჩვენებლით მეტრო სამარშრუტო ტაქსების და ავტობუსების შემდეგ მესამე ადგილს იკავებს.
აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების მოცულობა 2,8 მლრდ დოლარია.
ყველა ახალი ამბავი
0