საქართველოს მთავრობა „ნენსკრაჰესის“ ინვესტორთან ახალ ვადებზე უნდა შეთანხმდეს

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaლევან დავითაშვილი საქართველოს პარლამენტში
ლევან დავითაშვილი საქართველოს პარლამენტში - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2022
გამოწერა
პროექტის დასრულება დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა, რადგან ინვესტორმა კომპანიამ სხვადასხვა მიზეზის გამო ვალდებულებები არ შეასრულა, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. თუ „ნენსკრას“ ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო პროექტის ინვესტორი მთავრობის პირობებს არ შეასრულებს, მასთან კონტრაქტი შეწყდება, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
„ნენსკრაჰესის“ მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 10 წლის წინ გავრცელდა. როდესაც ჩინელმა ინვესტორმა პროექტი ჩაშალა, ორი წლის შემდეგ ის კორეულ კომპანია K-Water-ს გადაეცა.
„თუ კომპანია პირობებს ვერ შეასრულებს, ამ შემთხვევაში ჩვენ ხელშეკრულების შეწყვეტის პროცესს დავიწყებთ. ხაზს ვუსვამ ჩვენს განწყობილებას, რომ განვაგრძოთ პროექტი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მხრიდან იყოს მზადყოფნა. წლის ბოლომდე უნდა შევთანხმდეთ კომპანიასთან, ვინაიდან მომავალ წელს მეტი დრო აღარ გვექნება“, - აღნიშნა დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, დრო არ ითმენს და საჭიროა პროექტის დასრულება.
მინისტრმა განაცხადა, რომ სამწუხაროდ, პროექტის დასრულება დადგენილ ვადებში ვერ მოხერხდა, რადგან ინვესტორმა კომპანიამ ვალდებულებები სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეასრულა.
პრემიერი: „ნენსკრაჰესი“ მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური პროგრესისთვის >>
„მათ აქვთ თავიანთი კონკრეტული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზები. ისინი აბრალებენ ქვეკონტრაქტორ კომპანიას“, - აღნიშნა მან.
თუმცა, მისი თქმით, ეს ინვესტორის პასუხისმგებლობაა. ამის მიუხედავად, მთავრობა მზადაა, მხარი დაუჭიროს პროექტის რეალიზაციას, თუ კომპანია მზადაა, განახორციელოს ის და მიიღოს რეალური შედეგები ახალ ვადებში.
„საქართველოს მთავრობა მზადაა, მხარი დაუჭიროს პროექტის განხორციელებას და კომპანიას კიდევ ერთი შანსი მივცეთ. კომპანია K-waters-თან დავიწყეთ მოლაპარაკებების პროცესი, განვაახლეთ პირობები, რომელიც თავიდანვე კონკურსის მიხედვით იყო განსაზღვრული. უბრალოდ ვნახეთ, რომ სატარიფო პოლიტიკის ნაწილში სახელმწიფოს ჰქონდა სურვილი, მოეთხოვა უკეთესი ტარიფი გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე“, - განაცხადა დავითაშვილმა.
დავითაშვილს ეს გადაწყვეტილება სამართლიანად მიაჩნია, რადგან კომპანიამ ამდენ ხანში ვერ შეძლო ვალდებულებების შესრულება და საქართველოს ეკონომიკა დააზიანა არარეალიზებული პროექტით.
„იმედი მაქვს, კომპანიის ხელმძღვანელობა აღმოჩნდება მზად, რომ მიიღოს საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებული პირობები და განაგრძოს პროექტის განხორციელება“, - აღნიშნა მინისტრმა.
დავითაშვილმა ისაუბრა ასევე საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრაზე კორეული კომპანიის K-Water-ის აღმასრულებელ დირექტორ პაკ ჯე ჰიონთან, რომელიც 14 ნოემბერს შედგა.
„საქართველოს პრემიერთან უმაღლეს დონეზე შედგა შეხვედრა კომპანიის პირველი პირის. ასეთ დონეზე შეხვედრები არ ხდებოდა და პრობლემები ალბათ დაკავშირებული იყო კომუნიკაციის ხარისხთანაც. შევთანხმდით, რომ კომუნიკაციის გაუმჯობესება მოხდება“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა ინვესტორთან „ნენსკრაჰესის“ მშენებლობის სწრაფად დასრულების მნიშვნელობა განიხილა. მისი სიტყვებით, ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, მსხვილი ჰესების მშენებლობაში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მონაწილეობა.
„ნენსკრაჰესი” ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია, რომელიც სვანეთის რეგიონში 280 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 1,5 მლრდ აშშ დოლარია. ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ საქართველო ზამთრის პერიოდში გარანტირებული ენერგომომარაგების მიღებას, ხოლო ზაფხულში ელექტროენერგიის გაყიდვას შეძლებს.
ჰესის მშენებლობის შესახებ პირველად 2012 წელს განაცხადეს. მაშინ ჰესი ჩინურ კომპანია Sinohydro-ს უნდა აეშენებინა. მოგვიანებით ჩინური კომპანია სამხრეთკორეულმა K-Water-მა შეცვალა, რომელთანაც სს „საპარტნიორო ფონდმა“ 2014 წელს შესაბამისი შეთანხმება გააფორმა.
ყველა ახალი ამბავი
0