რამდენიმე კლინიკამ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა დატოვა

© photo: Sputnik / Andrey Stanavov / გადასვლა მედიაბანკშიწვეთოვანი სისტემა
წვეთოვანი სისტემა - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2022
გამოწერა
არ არის დაზუსტებული, უკავშირდება თუ არა ეს კლინიკების დაფინანების ახალი მოდელის დანერგვას.
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში რამდენიმე კლინიკამ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა დატოვა და განაცხადა, რომ მათ აღარ აქვთ სახელმწიფოსთან ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელების ინტერესი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

„რამდენიმე კლინიკამ ნამდვილად დატოვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, თუმცა მათი რაოდენობა ბევრი არ არის, რეალურად, ერთეულებია. ისინი მანამდეც ლიმიტირებული ჩართულობით მონაწილეობდნენ სახელმწიფო პროგრამაში. გაკეთდა განცხადება, რომ პროგრამაში მუშაობის გაგრძელების ინტერესი არ აქვთ, რაც, რა თქმა უნდა, მათი არჩევანია“, – განაცხადა გაბუნიამ.

დაკავშირებულია თუ არა ეს კლინიკების დაფინანსების ახალ მოდელთან – მინისტრის მოადგილეს არ დაუზუსტებია.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 1 ნოემბრიდან კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემა დანერგა, რომლის დახმარებით პაციენტის მკურნალობის საბაზისო ტარიფები გამოითვლება პაციენტის კლინიკაში შესვლიდან გაწერამდე.
საუბარია ე.წ. DRG–სისტემის დანერგვაზე, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ახლი სისტემის საშუალებით ქვეყანაში აღმოიფხვრება კლინიკებში ე.წ. VIP-მომსახურებისთვის დამატებითი თანხის გადახდის პრაქტიკა.
ჯანდაცვის სამინისტრომ ოთხ ექიმს ლიცენზია შეუჩერა>>
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, კლინიკების დაფინანსების ახალი მოდელის ამოქმედებიდან სულ 20 დღე გავიდა, ამიტომ დასკვნების გაკეთება ნაადრევია. მინისტრის მოადგილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ახალი სისტემა მეტად მოქნილი იყოს.

„აქტიურად მივყვებით პროცესს და ვიღებთ რეკომენდაციებს, შენიშვნებს ექიმებისგან, კლინიკის მენეჯმენტისა და პაციენტის მხრიდან“, – აღნიშნა გაბუნიამ.

DRG–სისტემა (Diagnostic Related Group) ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც „დიაგნოსტიკურად დაკავშირებული ჯგუფები". DRG–სისტემის დანერგვის შემდეგ სამედიცინო მომსახურების მიღებისას პაციენტს დამატებითი ხარჯების გადახდა აღარ მოუწევს. პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.
თუ აქამდე საქართველოში არსებული კლინიკები, ვთქვათ, აპენდიციტის ოპერაციისთვის სხვადასხვა ფასს სთავაზობდნენ პაციენტებს, ახალი სისტემის დანერგვის შემდეგ აღნიშნული ოპერაციის საფასური ყველა საავადმყოფოში ერთნაირი იქნება.
დაფინანსების ახალი მოდელი: როგორ აფასებენ თბილისის კლინიკები ცვლილებებს>>
ჯანდაცვის სამინისტრო ახალი სისტემის დანერგვას მკაცრად გააკონტროლებს და კლინიკებს არ ექნებათ პაციენტებისთვის დამატებითი თანხების მოთხოვნის მოტივაცია. მანამდე კლინიკების შემოწმების დროს გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც დამატებითი მოგების მიღების მიზნით პაციენტს მეტ მედსერვისს აწვდიდნენ, ვიდრე ეს რეალურად იყო საჭირო.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ორი თვის განმავლობაში ყურადღებით მიადევნებს თვალს პროცესს კლინიკებთან ერთად.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველომ გამოიყენა ლატვიის მეთოდი, რომელიც ჯანდაცვის ქართულ სისტემას ყველაზე მეტად ესადაგება. მინისტრის მოადგილე დარწმუნებულია, რომ მომავალში ქვეყანა დადებით შედეგს მიიღებს რესურსის ეკონომიის, პაციენტისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობისა და სერვისის ხარისხის კუთხით.
უფრო ადრე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე 900 მლნ ლარს ხარჯავს. მისი თქმით, ეს საკმაოდ დიდი დაფინანსებაა და ეს მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ.
თბილისის მერიის ჯანდაცვის პროგრამების წლიურმა ბიუჯეტმა 50 მილიონ ლარს გადააჭარბა>>
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე DRG–სისტემა არ გავრცელდება გარკვეულ სამედიცინო მომსახურებაზე: გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია, გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობა, მშობიარობა/საკეისრო კვეთა, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია, მასთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები, თრომბოლიზისი და თრომბექტომია ინსულტის შემთხვევაში.
დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს. ამ მოდელის პრინციპი მოიცავს დაავადების ყველა რეგისტრირებული შემთხვევის ისეთ ჯგუფებში გადანაწილებას, რომლებიც სტაციონარში პაციენტის ყოფნის პერიოდში მსგავსი რესურსების გამოყენებას საჭიროებს. საუბარია დიაგნოსტიკურ, თერაპიულ და ტექნიკურ ფაქტორებზე. ყოველ პაციენტს ენიჭება ერთ-ერთი DRG. ეს სტაციონარში პაციენტის ფიქსირებულ ფასად მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0