თბილისის მერიის ჯანდაცვის პროგრამების წლიურმა ბიუჯეტმა 50 მილიონ ლარს გადააჭარბა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2022
გამოწერა
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ცხრა მნიშვნელოვან პროგრამას ახორციელებს, რომელთა წლიური ბიუჯეტი ჯამში 50.690.900 ლარია, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული პროგრამების წყალობით მრავალ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, მერიის შესაბამისი სამსახურებისა და რაიონული ადმინისტრაციების მხრიდან დახმარება მიიღოს.

„ჩვენ უამრავ ოჯახს და ადამიანს ვეხმარებით, მათ აქვთ ხელშეწყობა როგორც მერიის შესაბამისი სამსახურების, ისე გამგეობების მხრიდან. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მოსახლეობას – იცოდეთ, თქვენ ყოველთვის გექნებათ ჩვენი მხარდაჭერა როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური მიმართულებით“, – განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კალაძემ საზოგადოებას თბილისის მერიის მიერ განხორციელებული ცხრავე პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
კერძოდ, სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე წელს დაიწყო ახალი პროგრამა, რომელიც ყოველწლიურად ერთ მოქალაქეზე 500 ლარის ღირებულების ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს. პროგრამის ბიუჯეტი 10 მლნ ლარია.
ბოლო მონაცემებით, აღნიშნული პროგრამით 20.583-მა პენსიონერმა ისარგებლა. დაფინანსებულია 47.501 შემთხვევა.
2022 წელს „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების პროგრამით“ განსაზღვრულ მომსახურებას დაემატა მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება და დღეისათვის მერია113 მოქალაქეს აფინანსებს. ერთი პაციენტისთვის წელიწადში 25 ათასი ლარია გათვალისწინებული, პროგრამის წლიური ბიუჯეტი კი 1.796.500 ლარს შეადგენს.
„ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე წლის დასაწყისიდან 45 მოქალაქეს დაუფინანსდა ძვლის ტვინის გადანერგვა და მასთან დაკავშირებული კვლევები, ხოლო ხუთ მოქალაქეს ღვიძლის გადანერგვა. ძვლის ტვინის გადანერგვას მერია 10 ათასიდან 235 ათას ლარამდე აფინანსებს. პროგრამის ბიუჯეტია 8 მლნ ლარი.
„დაავადებათა სკრინინგის პროგრამის“ ფარგლებში მერიამ 117.024 შემთხვევა დააფინანსა. პროგრამის ბიუჯეტი 2 მლნ ლარს შეადგენს.
„ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ძვირადღირებულ პრეპარატებს 259 მოქალაქე იღებს. მედიკამენტები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის 100%-ით, ხოლო სხვა შემთხვევაში 80%-ით ფინანსდება. პროგრამის ბიუჯეტი 6.540.000 ლარს შეადგენს.
დღეისათვის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამით“ 1.550 ბავშვი და მოზარდი სარგებლობს. მერიის პროგრამაში თავდაპირველად 325 ბავშვი და სერვისის განმახორციელებელი ორი დაწესებულება იყო ჩართული. წლიდან წლამდე ბიუჯეტი ექვსჯერ გაიზარდა. გაიზარდა შესაბამისი სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების რაოდენობაც. პროგრამის ბიუჯეტია 6.968.400 ლარი.
„ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში 459-მა ბავშვმა და ზრდასრულმა ისარგებლა. პროგრამის ბიუჯეტი 800 ათას ლარს შეადგენს.

თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრი „გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის“ პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ინფექციის მართვას ახორციელებს, მათ შორისაა წითელა, წითურა, ყბაყურა, ტუბერკულოზი. ცენტრმა 10 თვეში 77.888 კვლევა ჩაატარა. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 586 ათას ლარს.

თბილისის მერიისთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეთა სამედიცინო საჭიროებებზე ზრუნვა. შესაბამისი პროგრამების ფარგლებში წლის დასაწყისიდან 12.571 შემთხვევა დაფინანსდა, აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერია მოქალაქეთა მოთხოვნებს ოპერაციების, კვლევებისა და მედიკამენტების შესახებ საქართველოსა და საზღვარგარეთ სრულად ან ნაწილობრივ აფინანსებს. უპირატესობა ენიჭება პრიორიტეტულ ჯგუფებს. ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებებში 12.431, ხოლო საზღვარგარეთ – 140 შემთხვევა დაფინანსდა. პროგრამის ბიუჯეტია 14 მლნ ლარი.
ყველა ახალი ამბავი
0