საქართველოში უმუშევრობა მცირდება - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმამაკაცები დომინოს თამაშობენ
მამაკაცები დომინოს თამაშობენ - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2022
გამოწერა
საქართველოში ეკონომიკურად აქტიური შრომისუნარიანი მოსახლეობის წილმა 2022 წლის მესამე კვარტალში 53,5% შეადგინა.
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში უმუშევრობის დონემ 2022 წლის მესამე კვარტალში 15,6% შეადგინა, რაც 2022 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებელზე 2,5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, აღნიშნულია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ განცხადებაში.
უმუშევრობის დონე 2022 წლის მეორე კვარტალში შეადგენდა 18,1%-ს, პირველ კვარტალში – 19,4%-ს, ხოლო 2021 წლის მეოთხე კვარტალში – 19%-ს.

უმუშევრობა ციფრებში

უმუშევრობის დონე საქართველოში 2022 წლის მესამე კვარტალში 3,9 პროცენტული პუნქტით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც ის 19,5%-ს შეადგენდა.
საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.
საანგარიშო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 60,1 ათასი ადამიანით, ანუ 19,3%-ით 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, და 250,7 ათასი ადამიანი შეადგინა.
„საქსტატის“ მონაცემებით, უმუშევრობის დონე სოფლის ტიპის დასახლებებში ბევრად დაბალია ქალაქის დასახლებებთან შედარებით – 2022 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქალაქებში უმუშევრობა 4,8, ხოლო სოფლებში - 2,7%-ით შემცირდა და, შესაბამისად, 16,4% და 14,5% შეადგინა.
უმუშევრობის დონე, ტრადიციულად, უფრო მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში – 2022 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი მამაკაცებს შორის 4,2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17,5% შეადგინა, ხოლო ქალებს შორის 3,5%-ით და 13,1% შეადგინა.
რის ხარჯზე შემცირდა უმუშევრობის დონე საქართველოში>>

მოსახლეობის აქტიურობა

„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს შრომისუნარიანი, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მაჩვენებელმა 2022 წლის მესამე კვარტალში 53,5% შეადგინა – 0,7%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ეკონომიკურად აქტიურად მიიჩნევა 15 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქე, რომელიც მუშაობს ან ეძებს სამუშაოს. პირი უმუშევრად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ გამოკითხვამდე შვიდი დღის განმავლობაში არ შეუსრულებია სამუშაო ანაზღაურების მიღების მიზნით, ბოლო ოთხი კვირა ეძებდა სამუშაოს და მზადაა უახლოეს ორ კვირაში დაიწყოს მუშაობა.
„სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1,6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. დასაქმების დონე გაიზარდა 2,7 პროცენტული პუნქტით და 45,2 პროცენტი შეადგინა“, – ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
2022 წლის მესამე კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 63,7 პროცენტს შეადგენდა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის ტოლფასია.
დაქირავებულთა რიცხოვნობა 2022 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 52 ათასი ადამიანით (6%) და 913,8 ათასს მიაღწია. თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 25,8 ათასით გაიზარდა (6,2%) და 443,3 ათასი შეადგინა.
რესტორატორთა ასოციაცია შრომის ბაზრის შესახებ: საქართველოში უმუშევრებს მუშაობა არ სურთ>>
აქტიურობის დონე, ქალებთან შედარებით, მაღალია მამაკაცებში. 2022 წლის მესამე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 43,4%-ს, ხოლო კაცებში 65,3%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში გაზრდილია 1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 0,5 პროცენტული პუნქტით.
წყარო - საქსტატი
ყველა ახალი ამბავი
0