ქართულ ავიაბაზარზე 2023 წლის ზაფხულიდან ახალი ავიაკომპანია შემოვა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2022
გამოწერა
SunExpress ფრენებს თბილისში იზმირიდან 3 ივნისს, ანკარიდან – 5 ივნისს, ხოლო ანტალიიდან – 15 ივნისს დაიწყებს.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. თურქულ–გერმანული ავიაკომპანია SunExpress საქართველოში მუშაობას 2023 წლის ივნისიდან დაიწყებს, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრეს-სამსახური.
ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთდროულად თურქეთის სამი ქალაქიდან იფრენს – ანკარიდან, ანტალიიდან და იზმირიდან. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების ფინალური რაუნდი წარმატებით დაამთავრა. მოლაპარაკებების ძირითადი ეტაპი გაიმართა ავიაფორუმის ROUTES WORLD 2022 ფარგლებში.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია შემოდის. Turkish Airlines-ისა და Lufhansa-ს მიერ დაფუძნებული თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress 3 ივნისიდან იზმირიდან, 5 ივნისიდან ანკარიდან, ხოლო 15 ივნისიდან კურორტ ანტალიიდან დაიწყებს თბილისის მიმართულებით და პირიქით ფრენებს“, – განაცხადა გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

მისი თქმით, ბილეთები უკვე იყიდება და საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ თურქეთის დედაქალაქსა და საკურორტო ზონებში ხელმისაწვდომ ფასად ჩასვლას.
ავიაკომპანია პირველ ეტაპზე თბილისში კვირაში ხუთჯერ იფრენს. ის პირდაპირ რეგულარულ რეისებს თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის კვირაში ერთხელ შეასრულებს, კვირაში ორ-ორჯერ კი – იზმირიდან და ანტალიიდან თბილისის მიმართულებით.
SunExpress ანტალიაში 33 წლის წინ დაარსდა და იზმირისა და ანტალიის ძირითადი ავიაგადამზიდია. 2001 წელს ის პირველი კერძო ავიაკომპანია გახდა, რომელმაც კლიენტებს პირდაპირი რეგულარული რეისები შესთავაზა თურქეთსა და გერმანიას შორის. ბრიტანული კონსტალტინგური კომპანია SKYTRAX-ის ვერსიით, SunExpress 2022 წლის საუკეთესო ტურისტულ ავიაკომპანიად აღიარეს.
რამდენი ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს ზამთრის პერიოდში>>
„ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს მსოფლიოს წამყვან ავიაკომპანიებთან, რათა მეტი მათგანი შემოვიყვანოთ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე. ამისთვის აქტიურად ვიყენებთ როგორც ორმხრივ მოლაპარაკებებს, ასევე საერთაშორისო საავიაციო ფორუმებს, როგორიცაა ROUTES WORLD და სხვა“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ 2023 წლისთვის მეტი ახალი ავიაკომპანია შემოვა და მნიშვნელოვნად გაიზრდება როგორც მიმართულებები, ისე ქვეყნების გეოგრაფია.
საქართველო დიდ ბრიტანეთთან პირდაპირი ავიარეისების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს>>
მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა ქართული ავიაბაზრის აღდგენის პროცესი – COVID-პანდემიის შემდეგ 2022 წლის ოქტომბერი პირველი თვე გახდა, როდესაც რეისების რაოდენობამ საქართველოში 2019 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს გადააჭარბა. რეისები სრულდებოდა 384–395 სიხშირით, რაც 5%-იან ზრდას წარმოადგენს.
სულ 2022 წლის 10 თვეში საქართველოს აეროპორტები მოემსახურა 3.716.700 მგზავრს, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 85%-ით მეტია, ხოლო აღდგენის მაჩვენებელმა 2019 წელთან შედარებით 81% შეადგინა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0