რუსულენოვანი სკოლები და სექტორები საქართველოში - მინისტრმა დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა

© Government of Georgiaმიხეილ ჩხენკელი
მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2022
გამოწერა
ჩხენკელის თქმით, რუსულენოვან სექტორზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რაოდენობის ზრდა არ გულისხმობს რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების რიცხვის ზრდას.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მასშტაბით ამჟამად 11 რუსულენოვანი სკოლა ფუნქციონირებს, ხოლო რუსულ ენაზე სწავლა საჯარო სკოლების 45 სექტორშია შესაძლებელი, განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინტერპელაციის ფარგლებში პარლამენტში გამოსვლისას.
მინისტრის თქმით, 2020-2022 წლებში ავტორიზაცია არცერთ ახალ რუსულენოვან კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას არ გაუვლია.
2021 წლის მაისის მდგომარეობით, რუსულენოვან სკოლებსა და სექტორებზე ჩარიცხულ მოსწავლეთა რაოდენობა იყო 14.222, 2022 წლის ნოემბრის მონაცემებით კი 16.042-ს შეადგენს.
ჩხენკელის ინფორმაციით, რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების კონტინგენტის 1.820 მოსწავლით ზრდა უმთავრესად უკავშირდება 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე იმ პირების შემოსვლას, რომლებიც ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის ტერიტორიაზე ვერ აგრძელებენ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისის №41 და ბათუმის №20 საჯარო სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორები გაიხსნა.
რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რიცხვი ხუთჯერ გაიზარდა>>>
მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, 2022-2023 სასწავლო წელს თბილისში 220-ე საჯარო სკოლაში კიდევ ერთი უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა, ასევე გაფართოვდა უკრაინულენოვანი სექტორი ბათუმის სკოლაში.
„თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა ენაზე გააგრძელონ სწავლა საქართველოს საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში – როგორც ქართულ, უკრაინულ და რუსულ, ისე მათთვის სასურველ სხვა ენებზე“, – აღნიშნა მინისტრმა.
ჩხენკელის თქმით, სწორედ ამიტომ გაიზარდა რუსულენოვან სექტორზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რაოდენობა, რაც არ გულისხმობს რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების რაოდენობის ზრდას.
ყველა ახალი ამბავი
0