ერთით ნაკლები: ჩალაძემ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

© courtesy of Gio Chaladzeგიორგი ჩალაძე
გიორგი ჩალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2022
გამოწერა
ჩალაძის თქმით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხი არის უმთავრესი, რაზეც სრული კონცენტრაციაა საჭირო.
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. გიორგი ჩალაძემ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე თავისი კანდიდატურა მოხსნა.
საკუთარ გადაწყვეტილებაზე ჩალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ახლა მთავარია პარტიის დამფუძნებლის, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა.

„არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას აღარ დავაყენებ. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, არანაირი შტაბების ფორმალური გაფორმება, სტრუქტურული ერთეულები ან სხვა რამე არ არის საჭირო, უნდა იყოს ფართო კონსენსუსი. ჩვენ გვჭირდება პროცესი პრეზიდენტ სააკაშვილისთვის და არა სხვისთვის“, – განაცხადა ჩალაძემ.

პარტიის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა გუშინ წამოაყენა ლევან ხაბეიშვილმა. აღნიშნულ პოსტზე მისი კონკურენტები არიან პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია და პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი მუმლაძე.
„ნაციონალური მოძრაობა“ სერიოზულ დანაკარგს განიცდის, სუსტდება, გაჩნდა დაპირისპირება. თუმცა საყურადღებოა, რომ დაპირისპირების მთავარი თემა არის არა ერთმანეთთან კონკურენცია, არამედ ვის უფრო შეუძლია ქვეყანაში დესტრუქციისა და არეულობის შემოტანა. ეს არის მთავარი. ხაბეიშვილს მიაჩნია, რომ ამ მიმართულებით უფრო წარმატებული იქნება“, – განაცხადა ოპონენტებზე საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
„ნაცმოძრაობა“ პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა დატოვა>>>
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ხაბეიშვილი იმსახურებს იყოს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე.
„მხარს ვუჭერ ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას. დღეს „ნაცმოძრაობა“ სწორედ ხაბეიშვილს იმსახურებს, როგორც პარტიის თავმჯდომარეს. ჩემი სრული მხარდაჭერა მას. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ მას თავმჯდომარედ აირჩევენ. ჩვენ გასართობი მეტი გვექნება“, – განაცხადა კალაძემ.
ხაბეიშვილმა, რომელიც ამჟამად პარლამენტის დეპუტატია, განაცხადა, რომ მისი ყველაზე დიდი სურვილია პარტიის გააქტიურება და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში უფრო მეტი ძალისხმევა.
ხაბეიშვილს მხარდაჭერა უკვე გამოუცხადეს პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა და სააკაშვილის ძველმა თანამოაზრეებმა - დავით კირკიტაძემ და გიორგი ბოტკოველმა.
ბოლო დროს „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება სულ უფრო იზრდება. პარტიის ლიდერთა ნაწილი ღიად აკრიტიკებს პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას, მიანიშნებს მის დაბალ ლეგიტიმაციაზე და დაჟინებით მოითხოვს შიდა არჩევნების ჩატარებას.
განხეთქილების ნიშნები
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
„ქართული ოცნება“: „ნაცმოძრაობა“ ბრძოლის უფრო აგრესიულ მეთოდებს ირჩევს>>>
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ყველა ახალი ამბავი
0