„ქართული ოცნება“: „ნაცმოძრაობა“ ბრძოლის უფრო აგრესიულ მეთოდებს ირჩევს

© photo: Sputnik / Stringerლევან ხაბეიშვილი საპროტესტო აქციაზე
ლევან ხაბეიშვილი საპროტესტო აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2022
გამოწერა
ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე თავისი კანდიდატურა წამოაყენა.
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურის წამოყენება ადასტურებს პარტიის აგრესიულ განწყობას, განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა არჩილ თალაკვაძემ.
ხაბეიშვილი არის პარლამენტის დეპუტატი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი. ის ხშირად აკეთებს მკვეთრ განცხადებებს ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით, ადანაშაულებს მათ კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში. ხაბეიშვილი არაერთხელ აღმოჩნდა მოვლენების ეპიცენტრში „ნაცმოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა თუ მათ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირების დროს.
ოთხშაბათს ხაბეიშვილმა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე თავისი კანდიდატურა წამოაყენა, რითაც გადაწყვიტა კონკურენცია გაუწიოს მოქმედ თავმჯდომარე ნიკა მელიასა და პოლიტსაბჭოს წევრებს - გიორგი ჩალაძესა და გიორგი მუმლაძეს.

„დადასტურდა, რომ ჯგუფმა წამოიწყო სპეცოპერაცია პარტიის შიგნით მელიას წინააღმდეგ. „ნაცმოძრაობა“ მეტ აგრესიას ირჩევს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან ის დარწმუნებულია, რომ ხაბეიშვილის არჩევის შემთხვევაში პარტიის გაძლიერება ვერ მოხერხდება.
„ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გადაარჩენს, ვინაიდან მას ფუნდამენტური პრობლემები აქვს – არ ჰყავს გუნდში მომავლის ლიდერები, არ აქვს მომავლის დღის წესრიგი და მუშაობს საქართველოს ევროპული პერსპექტივის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მისი ყველაზე დიდი სურვილია - პარტია გახადოს უფრო აქტიური, მათ შორის, გააძლიეროს ბრძოლა პარტიის დამფუძნებლის, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად.
ხაბეიშვილს უკვე გამოუცხადეს მხარდაჭერა პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა და სააკაშვილის ძველმა თანამებრძოლებმა დავით კირკიტაძემ და გიორგი ბოტკოველმა.
ბოლო დროს „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება სულ უფრო იზრდება. პარტიის ლიდერთა ნაწილი ღიად აკრიტიკებს პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას, მიანიშნებს მის დაბალ ლეგიტიმაციაზე და დაჟინებით მოითხოვს შიდა არჩევნების ჩატარებას.

განხეთქილების ნიშნები

მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
საქართველოს პარლამენტს ერთი ოპოზიციონერით ნაკლები ეყოლება >>
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ყველა ახალი ამბავი
0